აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება

ავტორი
Front News საქართველო
ირანის დრონებით განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს, სამხედრო აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქო თეირანისგან მოითხოვს, მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, წარადგინოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.
ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.





