ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ მიიღო.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომის დასახურად პროკურატურის არგუმენტი ამ საქმეში მოწმეთა შორის სუსის თანამშრომლების ყოფნა და მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა იყო. ახალაიას თქმით კი, სუსის წარმომადგენლები მას ემუქრებოდნენ, ამიტომ სხდომა არ უნდა დახურულიყო. სხდომის დახურვის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი დატოვა.
სასამართლოში იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას მეუღლე, ახლობლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ახალაიას მეუღლეს ანი ნადარეიშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. მოსამართლის განმარტებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მას ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს თუ მოწმის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ცხრა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ბაჩო ახალაია




