
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ირანის მოლაპარაკებების გარშემო განვითარებული მოვლენები რეგიონში ახალ პოლიტიკურ რეალობას აყალიბებს, სადაც მთავარ „ნაღმად“ ისევ ლიბანის ფრონტი და ისრაელის პოზიცია რჩება. შვეიცარიის შეხვედრების, ირანში გუშაგთა კორპუსის გაზრდილი გავლენებისა და დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური მანევრების შესახებ Front News-ს ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი ბაკო ხელაძე ესაუბრა.
– შვეიცარიაში შეხვედრის შემდეგ, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-მა „საძირკველი მოამზადა“, თუმცა პარალელურად ძალაში რჩება დონალდ ტრამპის მკაცრი სამხედრო მუქარა. ხედავთ თუ არა რეალურ რესურსს ამ 60-დღიან ვადაში სტაბილური „საგზაო რუკის“ შესაქმნელად?
– დიახ, სწორედ ამისთვის არის ეს შეხვედრები, რათა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ე.წ. საგზაო რუკის შექმნა მოხდეს და პირობები არ დაირღვეს. ეს ნორმალური პროცესია, როცა მხარეებს შორის ამხელა უნდობლობა არსებობს და ეს ნდობა უნდა შედგეს. ნდობის მხრივ ვიტყოდი, რომ კარგი და პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული. „ცხელი ხაზის“ საკითხი მოგვარდა – ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, რამე რომ მოხდეს. მაგალითისთვის, ჰორმუზის სრუტის ირგვლივ გარკვეული შეთანხმებისთვის, რომ დაურეკონ ერთმანეთს.
თუმცა, აქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც ხელს უშლის ამ შეთანხმების საბოლოო მიღწევას. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებზეც ამ დღეებში იმსჯელებენ მხარეები, თუმცა მთავარი საკითხი და პრობლემა აქ არის ლიბანი. ირანის გავლენის ქვეშაა, ვიცით, „ჰეზბოლა“, ამიტომ ზოგადად ირანს პროქსი ინფრასტრუქტურა რაც გაშლილი აქვს რეგიონში, ეს არის ლიბანი. პირველი პროქსი ჯგუფი „ჰეზბოლას“ სახით სწორედ ლიბანში შეიქმნა. ამიტომ ირანს სჭირდება ეს ადგილი შეინარჩუნოს. ერთი ის, რომ ლიბანი ისრაელის თავზე მუდმივად დამოკლეს მახვილია. ამ ძალებით მანიპულირებს და ისრაელზე ზეწოლას ახდენს.
– ირანის დელეგაციის მიერ მოლაპარაკებების ოთახის დემონსტრაციული დატოვება ტრამპის ტვიტის შემდეგ არა ემოციური რეაქცია, არამედ თეირანის გაზრდილი თავდაჯერებულობის ნიშანია, რაც გლობალური სამხრეთის, ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერითაა განპირობებული. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ირანთან „ერთპიროვნული კარნახის ეპოქა დასრულდა“ და დღეს ვაშინგტონი უფრო მეტადაა დაინტერესებული შეთანხმებით, ვიდრე თეირანი?
– თავდაჯერებულობაზე რა გითხრათ, ეს უფრო ჩვეულებრივი ამბავი მგონია, როცა ასეთი მოლაპარაკებების დროს ხდება ხოლმე. მე თავდაჯერებულობა ირანის მხრიდან უფრო იმ 14-პუნქტიან გეგმაზე მგონია, რომლის ირგვლივაც მიდის შეთანხმება. თავიდან ჩვენ გვახსოვს, როგორი იყო ეს 14-პუნქტიანი გეგმა – საერთოდ ტრამპი ირანს სთავაზობდა, რომ მოდი, განიარაღდითო. ახლა კი საერთოდ სხვაგან მიდის სიტუაცია. მემორანდუმში რაც არის დაწერილი, საერთოდ არ ჰგავს იმას, რომ ამერიკა ახლა ვინმეს რამეს კარნახობს.
ნებისმიერი მოლაპარაკება როცა იმართება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ტრამპის განცხადებებიც, მუქარა და ა.შ. ესეც ამ მოლაპარაკების ნაწილია. ეს არის ტრამპის სტილი და პოლიტიკური ლექსიკა, რასაც მნიშვნელობა აღარ ენიჭება. მეორე მხრიდანაც რომ შევხედოთ, მაგალითად, ირანელები რას ამბობენ: აიათოლა ხამენეი ვითომ რაღაც წერილებს აქვეყნებს და უკმაყოფილოა – მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს არ მოსწონს და მისი მომლაპარაკებლები ვითომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებენ. ასეთი რაღაცები დიპლომატიის ნაწილია. ეს არის ორივე მხრიდან საინფორმაციო ველზე მუშაობა, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ.
– თქვენ მოკლული აიათოლა ხამენეის შვილი ახსენეთ. ამ მიმართულებით მინდა ჩაგეკითხოთ, ვინ მართავს ახლა ირანს, არის თუ არა ახალი აიათოლა ჩართული ამ მართვაში და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა მთელი ძალაუფლება ხელში გუშაგთა კორპუსს აქვს აღებული?
– დიახ, ახლა ირანში პოლიტიკურ დღის წესრიგს გუშაგთა კორპუსი მართავს და სიტუაცია მათ მიჰყავთ. ჩვენ რაც ვიცით, საუბარია იმაზე, რომ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ის მართავს ქვეყანას, ის უბრალოდ დაჭრილია და არ ჩანს მედიაში. რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ გადაწყვეტილების მიმღებები არიან სამხედროები ან ყოფილი სამხედროები. ასე რომ, პრინციპში თამამად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ძლიერი და ანგარიშგასაწევი ფრთა ირანში სამხედროები არიან.
– როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ლიბანის ფრონტი შეთანხმების მთავარი „ნაღმია“: ირანი აცხადებს, რომ ლიბანში ომის სრული შეწყვეტის გარეშე საბოლოო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ხოლო ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ IDF არ აპირებს ლიბანის უსაფრთხოების ზონის დატოვებას. როგორ შეიძლება ამ მკვეთრად საპირისპირო პოზიციების ფონზე ამერიკისა და ისრაელის თანამშრომლობა გაგრძელდეს და რას იზამს ისრაელი, წავა ამერიკის წინააღმდეგ?
– მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ისრაელის პრემიერი – ნეთანიაჰუ იქნება თუ სხვა, ლიბანი მაინც იმ საკითხად დარჩება ისრაელისთვის, რაც არის. ეს არის ისრაელისთვის უსაფრთხოების საკითხი. „ჰეზბოლას“ ლიბანში ყოფნა ისრაელისთვის გამოწვევაა, ამიტომ იმის გამო, რომ ეს შეთანხმება ამერიკას და ტრამპს სჭირდება, ამას ისრაელი ასე ვერ მიიღებს. თუ მოხდება ისე, რომ ლიბანში „ჰეზბოლა“ და ირანული გავლენები შენარჩუნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისრაელს მოუწევს კიდევ ბევრი წელი ირანის წნეხის ქვეშ იცხოვროს.
დაპირისპირება ისრაელსა და ამერიკას შორის უკვე არსებობს. ტრამპმა ერთი კვირის წინ როცა განაცხადა, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებასო და აქ ლიბანის საკითხი ჩანდა, ისრაელი არ იხევდა უკან და მაინც წინ მიიწევდა. ეს ხელს უშლიდა მოლაპარაკებას, ამიტომ ტრამპსა და ისრაელის პრემიერს შორის ძალიან მძიმე საუბარი შედგა. თითქოს ნეთანიაჰუ გაჩერდა, მაგრამ ახლა რასაც ვხედავთ, ისრაელი თავისუფლებას არ იზღუდავს და წინ მიიწევს. ეს დაპირისპირება, რაც ამერიკასა და ისრაელს შორის არის, ვფიქრობ, უფრო გამწვავდება. ისრაელს და ტრამპს აბსოლუტურად სხვადასხვა მიზნები აქვთ. ამერიკა ეცდება, რომ ისრაელზე ზეწოლა გააგრძელოს, თუმცა ისრაელი და მისი ხელმძღვანელობაც შეეცდება გავლენა მოახდინოს ამერიკაში ტრამპზე. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს შეთანხმება კიდევ გადაიხედოს.
– ტრამპი ამბობს, რომ ბირთვული მონიტორინგი ვაშინგტონის მთავარი მონაპოვარია. ირანის თანხმობა IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს) ინსპექტორების თეირანში დაბრუნებაზე მისი მხრიდან ამ რაუნდის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ფასდება. თქვენი აზრით, ეს ნაბიჯი რას ნიშნავს ირანის მხრიდან? რეალურად არის ეს ამერიკის წარმატება?
– ეს 2015 წელს მოპოვებული იყო ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ. თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, შეენარჩუნებინათ. თუმცა ტრამპმა ამ შეთანხმებას ცუდი უწოდა და 2018 წელს გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან. ახლა რაღაცა იგივე ხელშეკრულების გადამღერება მოხდა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ამით ტრამპმა რამე განსაკუთრებულს მიაღწია. იგივე მიღწევები ჰქონდათ სხვა ადმინისტრაციებსაც. იქ ბევრი რამ ადრეც კარგად იყო გაწერილი, ამიტომ ტრამპის მიერ ეს დიდი ვერაფერი მიღწევაა.
ელზა პაპოშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს