ბექა ბასილაია - ამის მოგვარების ერთადერთი გზა არის რეჟიმის დემონტაჟი

ავტორი
Front News საქართველო
ამის უფლება, ამის შესაძლებლობა და დავალება პოლიციას მისცა ბიძინა ივანიშვილმა, ეს ატმოსფერო, ეს ძალადობრივი რეჟიმი შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და ამის მოგვარების ერთადერთი გზა არის რეჟიმის დემონტაჟი, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თავის დროზე ხელისუფლებამ წაახალისა პოლიცია ოპოზიციასა და აქტივისტებზე ძალადობისთვის, რამაც ეს შედეგი გამოიღო.
"ამ კონკრეტულები ადამიანების მიმართ, მე არ მგონია, რომ შსს-ს რომელიმე ხელმძღვანელის მხრიდან ყოფილიყო მითითება, რომ ასეთი სისასტიკით გაუსწორდით ადამიანს და ფეხქვეშ გაიგდეთო. ეს, ფაქტობრივად, წამებასთან მიახლოებული მოპყრობაა, მაგრამ ეს მით უარესია სისტემისთვის. ეს ნიშნავს, რომ თუ აქამდე ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და წახალისებული ძალადობა მიდიოდა ერთი კონკრეტული ვექტორით და ამას ერქვა ყველაფერი გეპატიებათ ლიბერალების, ოპოზიციის, ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ცემა, წამება, გატაცება, ამ დავალებამ მიიღო ახლა ყოვლისმომცველი ხასიათი და პოლიციელს უკვე არ სჭირდება მიქსევა კონკრეტული ჯგუფისადმი, პოლიცია უკვე ფიქრობს, რომ ყველაფერი ეპატიება და ნებისმიერ ორდინალურ საპოლიციო ვითარებაშიც კი, ან არაორდინალურ შემთხვევაში, შეუძლიათ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც წინ "გადაეღობებათ" ყოფით დონეზე, სასტიკად გაუსწორდნენ, აწამონ და რაც ყველაზე ცინიკურია, ეს დაზარალებული ადამიანი დაიჭირონ.
მოცემულობა ასეთია - ამის უფლება, ამის შესაძლებლობა და დავალება პოლიციას მისცა ბიძინა ივანიშვილმა, ეს ატმოსფერო, ეს ძალადობრივი რეჟიმი შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და ამის მოგვარების ერთადერთი გზა არის რეჟიმის დემონტაჟი", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
გორში, კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დააკავა.
თაგები:
ბექა ბასილაია




