ბექა ძამაშვილი - ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას

ავტორი
Frontnews საქართველო
დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ნამახვანჰესთან დაკავშირებულ საქმეზე, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.
„სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება. ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ძამაშვილმა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ Enka Renewables-ის დავაზე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ამიტ მეჰტას 2026 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, საქართველოს მთავრობას კომპანია “Enka Renewables”-ისთვის 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტის, ასევე შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის გადახდა დაეკისრა. მოსალოდნელია, რომ პროცენტებთან ერთად, ჯამური თანხა 400 მლნ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
თაგები:
ბექა ძამაშვილი




