
ავტორი
Front News საქართველო
ფოთი ევროპის და აფრიკის საუკეთესო წყალსათხილამურო სპორტსმენებს უმასპინძლებს.
24-26 ივლისს „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 20 ქვეყნიდან 120 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატი სამ დისციპლინაში ჩატარდება: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინზე ხტომა.
ღონისძიებისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. „ოქროს ტბის“ ბაზაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება - ეწყობა მაყურებელთა სტანდარტული და VIP ზონები, დამონტაჟდა ახალი ტრამპლინი, სანაპირო ზოლზე დასრულდა ძველი ნაგებობების დემონტაჟი და მოეწყო ტალღების საწინააღმდეგო ქვის კონსტრუქციები.
"მადლობას ვუხდი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ცენტრალურ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემპიონატი ტარდება „ოქროს ტბაზე“ - უნიკალურ სპორტულ სივრცეში, რომელსაც ამ სპორტის განვითარების მდიდარი ისტორია აქვს.
ჩვენი მიზანია, რომ ფოთი არა მხოლოდ ამ ჩემპიონატის წარმატებული მასპინძელი, არამედ წყლის სპორტის ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო ცენტრი გახდეს", - განაცხადა ფოთის მერის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი მეძმარიაშვილთან, პარლამენტის წევრ გიორგი ხახუბიას და ფოთის ტბის კლუბის ხელმძღვანელ ქეთი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს