ბექა ვაჭარაძე - განსაკუთრებული სითბოთი და ემოციებით სავსე საღამო გვაჩუქა "აზდაკის ბაღის“ გამორჩეულმა და საოცრად ნიჭიერმა დასმა

ავტორი
Front News საქართველო
ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ქალაქში ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის „აზდაკის ბაღის“ დასის წარმოდგენა გაიმართა.
დასმა ფოთელ მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „მე ვხედავ მზეს“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლის საკუთარი, გამორჩეული ინტერპრეტაცია წარუდგინა. სპექტაკლს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და მერის მოადგილე დავით კვიციანი ესწრებოდნენ.
"განსაკუთრებული სითბოთი და ემოციებით სავსე საღამო გვაჩუქა „აზდაკის ბაღის“ გამორჩეულმა და საოცრად ნიჭიერმა დასმა. მათი შემოქმედება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს. მადლობა ამ დაუვიწყარი საღამოსთვის, გულწრფელი ემოციებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც ეს შესანიშნავი ადამიანები ყოველდღიურად გვაძლევენ", - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
"აზდაკის ბაღი“ უკვე 15 წელია, წარმატებით მოღვაწეობს. დასი თავისი საქმიანობით არა მხოლოდ თეატრალურ ხელოვნებას ემსახურება, არამედ საზოგადოებაში ინკლუზიის, თანასწორობისა და ადამიანური შესაძლებლობების წარმოჩენასაც უწყობს ხელს.





