ბორის ჩელე ყურუა - ვიტყვით დასკვნით სიტყვას, ველოდებით გამამართლებელ განაჩენს

ავტორი
Front News საქართველო
ვიტყვით დასკვნით სიტყვას. ველოდებით გამამართლებელ განაჩენს იქიდან გამომდინარე, რომ ხაზს გავუსვამთ გამოძიებისა და ბრალდების აბსურდულობას და იმ მწირ მტკიცებულებებს, რომელიც წარდგენილი აქვს ბრალდების მხარეს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური მოქმედების ინსტრუმენტი იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააჩეროს პოლიტიკური ოპონენტები.
"ვიტყვით დასკვნით სიტყვას. ველოდებით გამამართლებელ განაჩენს იქიდან გამომდინარე, რომ ხაზს გავუსვამთ გამოძიებისა და ბრალდების აბსურდულობას და იმ მწირ მტკიცებულებებს, რომელიც წარდგენილი აქვს ბრალდების მხარეს.
ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს 13-14-წამიანი ვიდეოა და ვნახეთ, რომ არანაირ დანაშაულს იქ ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულმა მისცა სასამართლოს ჩვენება, რაც იყო თანმიმდევრული და ლოგიკური, რითაც დაამტკიცა ის ვერსია, რასაც სასამართლოს ამდენი ხანია ჩვენ ვეუბნებოდით.
არ არსებობს მოწმე, რომელიც არა თუ იმას იტყოდა, რომ ირაკლიმ დანაშაული ჩაიდინა, არამედ ზოგადად იტყოდა, რომ ირაკლი იქ იყო. ეს გახლავთ პოლიტიკური მოქმედების ინსტრუმენტი იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააჩეროს პოლიტიკური ოპონენტები", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძისა და კიდევ 6 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებს იტყვის. პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ბორის ჩელე ყურუა




