ბრაზილიაში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ცნობილი ამერიკელი მომღერალი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
ბრაზილიაში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ცნობილი ამერიკელი მომღერალი ოლივერ ტრი და არგენტინელი იუთუბერი გასპი.
ტრაგედია 14 ივნისს რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ-დასავლეთით მოხდა.
სახანძრო სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენები ჰაერში შეჯახების შემდეგ ელექტრომობილების სადგომზე დაეცნენ. მასშტაბური ხანძრის შედეგად სულ მცირე 20 მანქანა გაანადგურა.
პირველ ვერტმფრენში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა: ამერიკელი მომღერალი ოლივერ ტრი ნიკელი, არგენტინელი ბლოგერი გასპი (გასპარ პრიმი), კიდევ ორი მგზავრი და პილოტი. ყველა მათგანი დაიღუპა.
მეორეში მხოლოდ პილოტი ჩარლზ მარსილაკი იმყოფებოდა, რომელმაც ასევე სასიკვდილო დაზიანებები მიიღო. მისი ოჯახის თქმით, ის დიდი გამოცდილების მქონე მფრინავი იყო.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტრაგედიის მასშტაბები შეიძლებოდა გაცილებით დიდი ყოფილიყო.
"თვითმფრინავის ნაწილები ასობით მეტრის დაშორებითაა მიმოფანტული, ამიტომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჯერ კიდევ ძალიან წინასწარია. მიმდებარე საცხოვრებელი შენობების გათვალისწინებით, ავარია შეიძლებოდა გაცილებით ტრაგიკული ყოფილიყო“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ბრაზილიის საჰაერო ძალები და კრიმინალური პოლიცია ამჟამად ატარებენ სასამართლო ექსპერტიზას და აგროვებენ ვიდეოჩანაწერებს ინციდენტის ზუსტი მიზეზის დასადგენად.
32 წლის ამერიკელმა მომღერალმა და პროდიუსერმა ოლივერ ტრიმ მსოფლიო პოპულარობა ჰიტების „Life Goes On“ და „When I’m Down“ წყალობით მოიპოვა. მას Spotify-ზე ყოველთვიურად 11 მილიონზე მეტი მსმენელი და სოციალურ მედიაში თითქმის 20 მილიონი გამომწერი ჰყავდა.
არტისტი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩავიდა: 6 ივნისს მან სან-პაულუში კონცერტი გამართა, ხოლო ტურნეს ევროპული ნაწილის დაწყება ივლისში პორტუგალიაში იყო დაგეგმილი. მან Instagram-ზე ბოლო პოსტი 13 ივნისს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა, სადაც მუსიკალური სტუდიიდან გადაღებული კადრები იყო ნაჩვენები.





