ბრიჯიტ ბრინკი - სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა მდგომარეობდა ზეწოლის განხორციელებაში მსხვერპლზე, უკრაინაზე და არა აგრესორზე, რუსეთზე


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზს ასახელებს და აცხადებს, რომ თანამდებობა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გამო დატოვა. ამის შესახებ ყოფილი ელჩი გამოცემა Detroit Free Press-ის საავტორო წერილში წერს.
ბრინკი წერს, რომ ელჩად მუშაობა უკრაინაში იყო „ყველაზე მძიმე“ მის ცხოვრებაში.
მისივე თქმით, პატივს სცემს "პრეზიდენტის უფლებასა და მოვალეობას, განსაზღვროს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა" კონგრესის შესაბამისი კონტროლის პირობებში.
"აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის როლი მდგომარეობს ამ პოლიტიკის განხორციელებაში. სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა მდგომარეობდა ზეწოლის განხორციელებაში მსხვერპლზე, უკრაინაზე და არა აგრესორზე, რუსეთზე. ამიტომ მე ვერ შევძელი კეთილსინდისიერად განმეხორციელებინა ადმინისტრაციის პოლიტიკა და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, გადავმდგარიყავი“, – აღნიშნავს ბრინკი.
როგორც ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, მას არ შეუძლია, "განზე გადგეს, როდესაც ქვეყანაში შეჭრა ხდება, დემოკრატია იბომბება, ბავშვების სიკვდილი კი დაუსჯელი რჩება".
"მიმაჩნია, რომ აშშ-ის ინტერესების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა დემოკრატიის დაცვა და ავტოკრატებთან დაპირისპირებაა. მშვიდობა ნებისმიერ ფასად სულაც არ არის მშვიდობა, არამედ დათმობაა. ისტორია კვლავ და კვლავ გვასწავლის, რომ დათმობა არ იწვევს უსაფრთხოებას, დაცულობას ან კეთილდღეობას. ის იწვევს ახალ ომებსა და ტანჯვას“, – წერს ბრინკი.
მისივე თქმით, მსოფლიოს ჯერ არ უნახავს "ასეთი სისტემატური, ასეთი მასშტაბური და ასეთი საშინელი ძალადობა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ".
„ის, თუ როგორ გავუმკლავდებით ამ ომს, ბევრს ეტყვის როგორც ჩვენს მეგობრებს, ასევე მტრებს და პუტინი თუ წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება სიგნალი ჩინეთისთვის, რომელიც ძირს გამოუთხრის უსაფრთხოების ბალანსს აზიაში და მთელ მსოფლიოში. ამას ექნება შორს მიმავალი შედეგები ამერიკის უსაფრთხოებისთვის, დაცულობისა და კეთილდღეობისთვის.
ამერიკა, რომელიც მე მიყვარს, ამერიკა, რომელსაც ჩვენი ბაბუები ემსახურებოდნენ, არასდროს დადგება გვერდზე და არ დაუშვებს ასეთი საშინელებების მოხდენას.
"ამერიკა როდესაც არ უძღვება თავისუფალ მსოფლიოს, საფრთხის ქვეშ დგება ჩვენი საკუთარი წარმატება, როგორც ერის. მე აღარ ვარ ამერიკელი დიპლომატი, მაგრამ არასდროს შევწყვეტ ამერიკული ლიდერობის აუცილებლობის რწმენას ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად და იმედისა და შესაძლებლობების მისაცემად. ყველა ამერიკელისთვის და მრავალი სხვა ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნავს ბრინკი.
აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა თანამდებობა დატოვა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიზეზები იმ დროს უცნობი იყო.
ამავდროულად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრინკმა ელჩის თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან მზარდი უთანხმოების გამო.
აპრილის დასაწყისში რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰს დაარტყეს. კასეტური ქობინით ბალისტიკური რაკეტა საბავშვო მოედნის მახლობლად ჰაერში აფეთქდა. ამ თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტ დაღუპულს შორის ცხრა ბავშვი იყო.
ამ ტრაგედიაზე რეაგირებისას აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა რუსეთის მონაწილეობა თავდასხმაში არ ახსენა. მან აღნიშნა, რომ "ასეთი დარტყმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რატომ უნდა შეწყდეს ომი“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უსიამოვნოდ გაკვირვებული" იყო ბრინკის რეაქციით.
მეორე დღესვე ბრინკი კვლავ გამოეხმაურა ტერორისტული დარტყმის ფაქტს და დააკონკრეტა, რომ დამნაშავე რუსეთი იყო.
თაგები:
ბრიჯიტ ბრინკი