ბრიტანეთმა 31 პირი, მათ შორის მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი დაასანქცირა

ავტორი
Frontnews საქართველო
დღეს, დიდი ბრიტანეთი, „რუსეთის სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში, სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე ცნობით, სანქცირებულთა შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.
„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატება. მათ შორისაა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ოკუპაციის გაგრძელება.
დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის, 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებისა“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით.
დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო“, – აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
თაგები:
დიდი ბრიტანეთი




