ბუდანოვი - რუსეთი უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსები დათანხმდნენ მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც შეერთებული შტატები უკრაინას სთავაზობს.
"უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, წინა მოლაპარაკებებზე რუსულმა მხარემ პირდაპირ განაცხადა: ისინი მიიღებენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებსაც შეერთებული შტატები უკრაინას სთავაზობს და ამის გვერდის ავლა შეუძლებელია. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ იძულებულნი იქნებიან მიიღონ ის, რასაც შეერთებული შტატები სთავაზობს“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, უკრაინას უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების გარანტიები სურს, შემდეგ კი ყველაფერი დანარჩენი მოჰყვება, თუმცა დრო აჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები.
ბუდანოვი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, სავარაუდოდ, ომის დასრულებასთან ერთად ამოქმედდება.
"მაგრამ ეს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის“, - აღნიშნა მან.
როგორც მან აღნიშნა, სჯერა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს, მოლაპარაკებების წარმატება უკრაინის გამარჯვება იქნება.
გარდა ამისა, ბუდანოვმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში რუსეთთან ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა მოხდება. მან განმარტა, რომ რუსეთში ამჟამად 2014 წლიდან ტყვეები არიან და უკრაინა ცდილობს მათ დაბრუნებას.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურს, თუმცა მშვიდობის მისაღწევად, ტერიტორიული საკითხი კვლავ გადასაჭრელია.
"ან რუსეთთან ტერიტორიულ საკითხზე კომპრომისს ვიპოვით, ან ერთმანეთის ხოცვას გავაგრძელებთ, რასაც საკმაოდ ეფექტურად და პროფესიონალურად ვაკეთებთ“, - განაცხადა ბუდანოვმა.
თაგები:
კირილ ბუდანოვი




