ბაბიში - თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიისპირეთის რომელიმე სახელმწიფოს, ჩვენ ჯარს გავგზავნით

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩეხეთი მზადაა შეასრულოს ნატოს წინაშე ვალდებულებები და რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნების დასახმარებლად ჯარები გაგზავნოს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრაღა აქტიურად განიხილავს უსაფრთხოების პოტენციურ გამოწვევებს და ემზადება შესაბამისი სცენარებისთვის, ამ მიზნით, ოფიციალური პირები პრეზიდენტ პეტრ პაველთან მუდმივ კონსულტაციებს მართავენ.
"ის ფაქტი, რომ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ და ჟურნალისტები არ იღებენ მასალას თავიანთი სტატიებისთვის, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე არ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით. ღმერთმა არ ქნას და თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიისპირეთის რომელიმე სახელმწიფოს, მაშინ, მე-5 მუხლის თანახმად, ჩვენ უნდა გავგზავნოთ ჩვენი ორი მექანიზებული ბრიგადა“, - განაცხადა ბაბიშმა.
ბაბიშმა ადრე არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ძალისხმევა დიპლომატიურ მოგვარებასა და მშვიდობის ხელშეწყობაზე უნდა მიმართონ.
2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ბაბიში მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მიზეზი მისი განცხადება იყო იმის შესახებ, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ალიანსის მოკავშირეებისთვის საბრძოლველად ჩეხი ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებდა.
პარალელურად, რუსული ჰიბრიდული საფრთხეები ევროპის სხვა რეგიონებშიც აქტიურდება. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ევროპული ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთი მათ წინააღმდეგ უკრაინის "ობობას ქსელის" მსგავსი საზღვაო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.
რუსეთის სავარაუდო საზღვაო დივერსიის სამიზნე ხმელთაშუა ზღვის აუზის სამი ევროპული ქვეყანაა: ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია, რომლებსაც მოსკოვი დრონებით თავდასხმის პოტენციურ ობიექტებად განიხილავს. სამივე სახელმწიფო უკრაინის აქტიური პარტნიორია, რის გამოც მოსკოვი მათ მიმართ ჰიბრიდული მეთოდებით წნეხის გაზრდას ცდილობს. დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს სატვირთო კონტეინერებში დამალული დრონები და პირდაპირ ზღვიდან გაუშვას ისინი.
თაგები:
ანდრეი ბაბიში




