ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. სამმა მოშიმშილე მაღაროელმა გუშინ, 11 მაისს თბილისში გადმოინაცვლა. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას აგრძელებენ.
მაღაროელები პროტესტის ნიშნად მე-18 დღეა, შიმშილობენ.
მათი მოთხოვნები უცვლელია. უპირველესი მოთხოვნა დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებაა, რომლებიც შუქრუთის მაღაროს დირექტორის ნაკლებად მძიმე დაზიანების გამო არიან დაკავებული.
ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებით, მოთხოვნებს შორისაა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავად მოინახულოს ჭიათურაში არსებული ვითარება და ადგილზე გაერკვეს პრობლემურ საკითხებში.
"ჩამოვედით დაახლოებით, საღამოს რვა საათზე და მას შემდეგ აქ ვართ. ვაგრძელებთ შიმშილს სამი ადამიანი.
ჩვენი აქ ჩამოსვლის პირველი მიზეზი არის, რომ პრემიერმა კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა მშრომელი ადამიანების მიმართ, ჩავიდეს ჭიათურაში და გაესაუბროს მათ", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
ჭიათურელი მაღაროელები დამსაქმებელი კომპანიის მიერ თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებას, კუთვნილი ანაზღაურების არმიღებას და მათი თანამშრომლების დაკავებას აპროტესტებენ. ოთხი მაღაროელი მაღაროს დირექტორის ნაკლებად მძიმე დაზიანების გამო დაკავებულები არიან.
თაგები:
მაღაროელები