ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა ჭიათურის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ჭიათურის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ტრადიციული სახალხო დღესასწაულის "ჭიათურობა 2025“-ის ფარგლებში გაიმართა, მერმა საპატიო მოქალაქეების ტიტულის მფლობელებს მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
2025 წელს ჭიათურის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:
პაატა კვიჟინაძე – საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრი, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების დელეგატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;
ილო ლაბაძე – სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი;
თინა ბიწაძე – ღვაწლმოსილი ჟურნალისტი;
მარინა ფიფია – ექიმი მეან-გინეკოლოგი;
კუკური მოდებაძე – ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შუქის მხატვარი.
საპატიო მოქალაქის დაჯილდოებასთან ერთად, "ჭიათურობა 2025“ მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო შემეცნებით-გასართობი და საგამოფენო სივრცეები, პერფორმანსები, თეატრალიზებული წარმოდგენები, კულტურული და სპორტული აქტივობები.
სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები და მუსიკალური ჯგუფი "ურსა“ მონაწილეობდნენ.















