"ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას"


ავტორი
Front News საქართველო
აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, რომ გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაციაც აქვს. არ აკეთოს გადაცემა, რომელიც, ვფიქრობთ, ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, - ამის შესახებ "რეალური სივრცის" თანამშრომლებმა განაცხადეს.
მათივე თქმით, მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოაწერენ ხელს ამ გადაცემის, იმ სივრცის დახურვას, რომელიც საზოგადოებისთვის შეიქმნა.
"30 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემა "რეალური სივრცის" გუნდს წერილობით აცნობა შემდეგი გადაწყვეტილება - "იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა, აღნიშნული ტოქშოუს წამყვანთან და სახესთან, ნინო ზაუტაშვილთან, ხსენებული ტოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება", ამავე დოკუმენტიდან ვარკვევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სურვილია, დაშალოს "რეალური სივრცის" გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა, თუ გადაცემაზე.
ჩვენ შემოგვთავაზეს მუშაობა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში. ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არცერთ შემოქმედებით რედაქციას, ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, რომ გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაციაც აქვს. არ აკეთოს გადაცემა, რომელიც, ვფიქრობთ, ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას, ისმოდეს საზოგადოების ხმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
"რეალური სივრცე" 12 წლის წინ შეიქმნა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მიზანი იყო, რომ ადამიანებსა და მათ მიერ დაქირავებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის თანასწორი დისკუსიის შესაძლებლობა და ველი შეგვექმნა. გადაცემის არსებობის 12 წლის თავზე შეგვიძლია თამამად და ამაყად ვთქვათ, რომ თითქმის არ არსებობს მწვავე სოციალური თემა, რომლისთვისაც პირდაპირი ეთერი არ დაგვითმია. შეიძლება უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის კართან იდგა ვერ დავუთმეთ სივრცე, მაგრამ რაც 12 წლის განმავლობაში ასობით გადაცემამ დაიტია იმდენი ადამიანთა ჯგუფის, ქალაქის, სოფლის, თუ დაბის პრობლემა მოვისმინეთ ჩვენ და მოვიტანეთ თქვენამდე. ჩვენ სამუშაო ოთახთან მოსასვლელად მოქალაქეს არ სჭირდებოდა საშვი.
მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით, ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა, იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომელსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, დახურა 12-წლიანი ისტორიის გადაცემა "რეალური სივრცე" და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი", - განაცხადეს "რეალური სივრცის" თანამშრომლებმა.
თაგები:
საზოგადოებრივი მაუწყებელი