დააკავეს პირი, რომელმაც თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.
მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





