დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიება მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დამსახურებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ახორციელებს სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, ასევე რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს, ზრუნავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ირაკლი ჩიქოვანმა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მიმართ საზოგადოების პასუხისმგებლობასა და საერთაშორისო მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება.
დაჭრილი მებრძოლებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა. მან პატივისცემა გამოხატა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მიმართ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.
დაჭრილმა მებრძოლებმა სტუმრებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ველორბოლასა და მშვილდოსნობაში საჩვენებელი შეჯიბრებებიც გამართეს.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ასევე პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კვირეულის ფარგლებში, დაჭრილ-დაშავებული სამხედროები 9 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. დაჭრილი სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიებების ფარგლებში, დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართება.
თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს