დავით კოდუა ახალგაზრდებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნოპარკში იმყოფებოდა

ავტორი
Frontnews საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინიციატივით, ზუგდიდელი ახალგაზრდები ქუთაისის ტექნოპარკს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ეწვივნენ.
ახალგაზრდებთან ერთად ქუთაისში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია იმყოფებოდნენ.
საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა ორი მნიშვნელოვანი ინოვაციური ჰაბი ქუთაისის ტექნოპარკი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერეს.
ტექნოპარკში მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური პროექტი, სადაც დაათვალიერეს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), რობოტიკისა და დრონების საინჟინრო ცენტრი, ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი, 3D პროტოტიპირების ლაბორატორია და STEAM საგანმანათლებლო სივრცეები.
ასევე, ახალგაზრდები გაეცნენ ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქს, ევროპული სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ეკოსისტემას, ბიბლიოთეკას, საერთო სამუშაო სივრცეებსა და სტუდენტურ საცხოვრებელს.
"ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად ქუთაისის ტექნოპარკს და საერთაშორისო უნივერსიტეტს ვეწვიეთ და მათ ინოვაციურ ჰაბებს გავეცანით. ეს სივრცეები ნამდვილად არის რეგიონის ტექნოლოგიების, განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მთავარი ცენტრი. ასეთი შესაძლებლობების არსებობა უდიდესი პოტენციალია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რათა საკუთარი ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ევროპული დონის განათლება და განახორციელონ ინოვაციური იდეები. მადლობა ამ უნიკალური პროექტისთვის ფონდ „ქართუს“ და თითოეულ ადამიანს, ვინც მის განხორციელებაში იყო ჩართული“, - განაცხადა დავით კოდუამ.
თაგები:
დავით კოდუა




