დავით კოდუა - მჯერა, რომ შევძლებთ 27 სექტემბერი ვაქციოთ თარიღად, როდესაც ენგურის ორსავე ნაპირზე შერიგებასა და საერთო გამარჯვებას ვიზეიმებთ

ავტორი
Frontnews საქართველო
ზუგდიდის მერი დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აფხაზი დებისა და ძმებისთვის, შეკრებილების მთავარი გზავნილი, ერთად მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაა.
"სოხუმის დაცემის ტრაგედია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უდიდესი ტკივილია, რომელმაც მკაფიოდ დაგვანახა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. ამ ტკივილის საპასუხოდ, ჩვენი არჩევანია არა მტრობა, არამედ მშვიდობისა და ერთობის ურყევი სურვილი, რადგან მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და ერთმანეთზე ზრუნვას. მჯერა, რომ შევძლებთ 27 სექტემბერი ვაქციოთ თარიღად, როდესაც ენგურის ორსავე ნაპირზე შერიგებასა და საერთო გამარჯვებას ვიზეიმებთ", - განაცხადა დავით კოდუამ.
შეკრების მონაწილეებმა სანთლებით გამოსახეს წარწერა: "მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს”.
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
თაგები:
დავით კოდუა




