Logo

დაზიანებული ხიდები კიევში და დრონების იერიში დასავლეთ უკრაინაზე, არიან დაღუპულები და დაშავებულები - რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგები

უკრაინა
62
Frontnews
დაზიანებული ხიდები კიევში და დრონების იერიში დასავლეთ უკრაინაზე, არიან დაღუპულები და დაშავებულები - რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგები

ღამით და დილით რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს კიევზე, კრივი-რიჰზე, სმელზე და სხვა ქალაქებზე. დედაქალაქში დაზიანებულია ხიდები, რიგ თემებში კი გაითიშა ელექტროენერგია, წყალი ან გათბობა.

კიევი

კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემები. ზოგიერთ რაიონში შეფერხებულია წყალმომარაგება და თბომომარაგება.

• გოლოსეევის რაიონში დაზიანდა სამხრეთის ხიდი, რომელზეც მოძრაობა გადაკეტილია.

• დესნიანსკის რაიონში დაზიანდა ჩრდილოეთის ხიდი, მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ხანძარი გაჩნდა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოშიც.

• დნეპროვსკის რაიონში, წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სასაწყობე ფართებს გაუჩნდა ცეცხლი. ობოლონის რაიონში ორი ხანძარი დაფიქსირდა, ერთ-ერთი მათგანი ასევე სასაწყობე შენობაში გაჩნდა.

• დარნიცის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სამხრეთის ხიდზე დარტყმის გამო თბოქსელის დაზიანების შესახებ განაცხადა. ამ დროისთვის თბომომარაგების გარეშე დარნიცის რაიონის 317 სახლია დარჩენილი.

• "კიევვოდოკანალში“ ტროეშჩინის საცხოვრებელ მასივში წყალმომარაგების შეფერხების შესახებ იტყობინებიან. მრავალსართულიანი კორპუსების ზედა სართულებზე შესაძლოა წნევა დაეცეს ან წყალი დროებით შეწყდეს.

კიევზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შედეგების ლიკვიდაციის დროს მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანი გადაარჩინეს.

დნეპროპეტროვსკის ოლქი

ღამით და დილით რუსებმა კრივი-რიჰს რეაქტიული დრონებით შეუტიეს. თავდაპირველად სამრეწველო საწარმოს დაარტყეს, დილით კი კერძო საცხოვრებელ სახლს, სადაც გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. კრივი-რიჰის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ ვილკულის თქმით, ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაზიანებულია მეზობელი სახლებიც, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

ნოვოპოლსკის თემში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მსხვერპლი არ არის. ნიკოპოლის რაიონში დრონებით დაიბომბა ნიკოპოლი, მარგანეცისა და პოკროვსკის თემები, სადაც ასევე არავინ დაშავებულა. სულ ღამის განმავლობაში ოლქში 12 მტრული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ზაპოროჟიეს ოლქი

აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეშიც. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო ქალაქსა და ოლქში აბონენტთა მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა. "ზაპოროჟიეობლენერგოს“ ხელმძღვანელის, ანდრეი სტასევსკის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ელექტრომომარაგების აღდგენა 14:00 საათისთვის იგეგმება.

მოგვიანებით საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილ სემიკინმა განაცხადა, რომ მტერმა ზაპოროჟიეზე კომბინირებული იერიში მიიტანა. დარტყმის ქვეშ მოჰყვა სამრეწველო ობიექტები ქალაქის სამ რაიონში. დაიღუპა ერთი მამაკაცი, კიდევ ცხრა ადამიანი კი დაშავდა.

ხარკოვის ოლქი

ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მთელი იზიუმის საქალაქო ტერიტორიული თემი და მეზობელი თემები. "ხარკოვობლენერგოში“ განაცხადეს, რომ ელექტროქსელების დაზიანების გამო ოლქში ავარიული გათიშვის გრაფიკი მოქმედებს. ქალაქისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას მაქსიმალურად სწრაფად ცდილობენ.

ჩერნოვცი

რუსეთის თავდასხმის შედეგად ჩერნოვცის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა რომან კლიმჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში დროებით არ მოძრაობენ ტროლეიბუსები, მათ ნაცვლად კი ადგილობრივი ხელისუფლება ავტობუსების მოძრაობას უზრუნველყოფს.

სხვა დასავლეთ ოლქებში ღამის განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა მტრის დრონების გადაფრენა. "შაჰედების" ჯგუფები ხმელნიცკის და ტერნოპოლის ოლქების გავლით დასავლეთისკენ მიფრინავდნენ. აფეთქებების ხმა უკვე გაისმა როვნოსა და ლუცკში, სადაც საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

ჩერკასის ოლქი

ჩერკასის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იგორ ტაბურეცის თქმით, რეგიონისთვის მძიმე დღე-ღამე იყო. ჩერკასის რაიონში ღამიდან რუსებმა რვა რაკეტით შეუტიეს ქალაქ სმელს. დარტყმის ქვეშ მოჰყვა სამრეწველო ინფრასტრუქტურა, ასევე დაზიანდა პროფესიული განათლების დაწესებულება, მეზობელ საცხოვრებელ სახლებში კი ჩამსხვრეულია მინები. დაბომბვის ორი ტალღის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი, ყველა მათგანი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით ჰოსპიტალიზებულია.

17 ნოემბრის ღამეს ყირიმის ხიდი ნაწილობრივ ჩამოინგრა - წყალში ჩავარდა თაღი და საავტომობილო ნაწილი, რის გამოც ხიდზე მიმოსვლა სრულად შეჩერებულია.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები