საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგარი ქმედებისთის ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით, ა.დ.-ს თბილისში დაგეგმილ შეხევდრაზე გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, გ.წ.-მ დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.წ.-მ დაზარალებულის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.
გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 6 თვით აღკვეთა განესაზღვრა.
ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს", - აღნიშნულია განცხადებაში.