Logo

დღეიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება იწყება

Frontnews image description

დღეიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება იწყება.

შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის, დაჯარიმებას, მათ შორის, თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმას.

1 მარტს ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის, დისტანციურად სჭირდება „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება.

მიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი განაცხადის შევსებისას უნდა ფლობდეს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას.

უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების” ნებართვებს გასცემს სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

"შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ბიზნესი ვალდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე, ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში Worknet.moh.gov.ge-ზე. თუ ვაკანსიაზე, აღნიშნულ დროში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვა დამსაქმებელს წარადგინოს განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.

კანონის მიხედვით ნებართვის მიღების საფასური დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს.

შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.

რაც შეეხება, თვითდასაქმებულ უცხოელს, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოსაპოვებლად ელექტრონულ განაცხადს იგი თავად ავსებს და თავად იხდის შესაბამის საფასურს. თვითდასაქმებულზე სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სპეციალობის და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.

ახალი რეგულაციები მაქსიმალურად დაახლოებულია საერთაშორისო სტანდარტებთან, რომლის მიზანია, უცხოელი მოქალაქეები საქართველოში დასაქმდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს და არ ზღუდავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესებს. ამასთან, ცვლილებები ხელს უწყობს არალეგალური დასაქმების შემცირებას, კონტროლის გაძლიერებას და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილებას როგორც დამსაქმებლებს, ისე უცხოელ მოქალაქეებს შორის.

კანონი სრულად ხელმისაწვდომია მითითებულ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6543098?publication=0 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები