ეკა ბესელია - პატრიარქი მე არასდროს მინახავს ნაწყენი, ვინმეზე გაბრაზებული, განმკიცხავი, სამდურავის მთქმელი

ავტორი
Front News საქართველო
როცა ადამიანური გადარჩენის ზღვარს რომ გავდიოდი, უწმინდესმა თავად მიხმო, მივედი, გაშალა ხელები, ჩამიხუტა და მითხრა - არ მოიწყინო, უფალს არ უნდა რომ ბედნიერი იყოო. მამა რომ ჩაგიკრავს გულში, ისეთი განცდა იყო, - ამის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უწმინდესი ილია მეორის სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქმედება მისთვის აღმაფრთოვანებელი იყო.
"გამოჩნდა უპირობო, უსაზღვრო მადლიერება, დანახვა იმისა, რასაც პატრიარქი ატარებდა ამ ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქის ჯვრის ტარებით.
ჩემი ურთიერთობა პატრიარქთან დაიწყო ჩემი ადვოკატობიდან. ყველგან იცის, რომ პატრიარქი იყო ერთ-ერთი მეოხი პატიმრების, დიდი გულშემატკივარი. როდესაც მე პატრიარქი გავიცანი, მახსოვს პირველი შეხვედრა. მაშინ პატრიარქმა გამატანა დიდი კელაპტრები პატიმრებისთვის, მითხრა - მეც დავდივარ ხშირად, პატიმრებს ვნახულობო. აქედან დაიწყო და წლები, ყველა ეტაპზე, ყველა ვითარებაში ჩემთვის მისი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ გამაოგნებელი იყო. მე არასდროს მინახავს ნაწყენი, ვინმეზე გაბრაზებული, განმკიცხავი, სამდურავის მთქმელი - იყო ყველას მიმართ გახსნილი გულით, იტევდა უპირობო სიყვარულს, იღებდა ყველას.
იმ პერიოდში, როცა მე დავტოვე თანამდებობა და გადავდექი, რასაც მძიმე ამბები მოჰყვა, ყველაზე რთული მომენტი როცა მქონდა, როცა ადამიანური გადარჩენის ზღვარს რომ გავდიოდი, უწმინდესმა თავად მიხმო, მივედი, გაშალა ხელები, ჩამიხუტა და მითხრა - არ მოიწყინო, უფალს არ უნდა რომ ბედნიერი იყოო. მამა რომ ჩაგიკრავს გულში, ისეთი განცდა იყო და მაშინ მივხვდი, როგორ დავდექი ფეხზე, როგორ გავიარე ეს მძიმე პერიოდი და როგორ მომეჩვენა ამის შემდეგ ყველაფერი უფრო პატარა და უმწეო, ვიდრე ის სიყვარული, რითაც სულიერი მამა გიხსნის გულს. ეს პირადი განცდაა, მაგრამ ამაზე უფრო დიდი იყო ჩემთვის მისი სახელმწიფო აზროვნების უკიდეგანო მაგალითის არაერთგზის ნახვა. რა რთული მომენტებიც იყო, ვხედავდი, როგორ ბრძნულად და სწორად მიჰყვებოდა გზას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქი სიონის ტაძარში დაკრძალეს.
თაგები:
ეკა ბესელია




