ექიმი, რომელიც დიდი ტკივილის მიუხედავად, ადამიანების გადარჩენას აგრძელებს - მარინა ენდელაძის ისტორია


ავტორი
Front News საქართველო
ქალბატონი, რომლის სახელიც ბევრს პანდემიის დროს იმედის სხივად ჩაესმოდა, დღესაც აგრძელებს ბრძოლას სიცოცხლისთვის, აგრძელებს კარგის კეთებას და ამით შვების პოვნას ცდილობს იმ ტკივილში, რომელსაც ვერაფერი შველის. ეს არის ისტორია ექიმისა, რომელმაც საკუთარი ცხოვრების უდიდესი ტრაგედია გადაიტანა და მაინც დარჩა შეუდრეკელი.
მარინა ენდელაძე – ექიმი ინფექციონისტი, „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, ადამიანი, რომელსაც 38-წლიანი სამედიცინო, პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილება აქვს. ის ავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში და ამჟამად ხელმძღვანელობს სტაციონარული დეპარტამენტის მიმართულებას თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში.
მის ხელში უამრავ პაციენტს გაუვლია. ბავშვობიდან ოცნებობდა ექიმობაზე - "ექიმობა რთული პროფესიაა, მაგრამ რომ დამევალოს თავიდან არჩევა, ისევ ამ გზას ავირჩევდი".
მარინა ენდელაძე დღემდე აგრძელებს სწავლას, რადგან მისი თქმით, "მედიცინა ისეთი სფეროა, სადაც ვერასდროს შეწყვეტ სწავლას“.
მის ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებს – პედაგოგები, რომლებმაც გზა გაუკვალეს: ირაკლი ციციშვილი, სოსო კვაჭაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი… მაგრამ განსაკუთრებული ადგილი თენგიზ ცერცვაძეს უჭირავს - "ის ჩემთვის შეუდარებელი ადამიანი და ძალიან დიდი კაცია“.
თუმცა არსებობს ცხოვრებაში მომენტები, როცა არც პროფესიული მიღწევები და არც ძალა საკმარისი არ არის. მარინა ენდელაძემ ყველაზე დიდი ტკივილი მიიღო მაშინ, როცა შვილი ირაკლი ძამისტარაშვილი, ტრაგიკულად დაკარგა.
"დედას შვილი რომ გარდაეცვლება, უკვე სხვა სამყაროში გადადის და სხვა ცხოვრება იწყება“, – ამბობს ის.
ეს იყო დარტყმა, რომელმაც მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო, თუმცა არ გატყდა – ტკივილთან ერთად ცხოვრება გააგრძელა. "ყველაფერს ვაკეთებ ირაკლისთვის. ვცდილობ, ის გავაგრძელო, როგორც მას მოეწონებოდა“.
ამ მძიმე გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დაუდგა. მათ შორის იყო საქართველოს პატრიარქი, რომელიც, მას მხარში ამოუდგა და ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარა.
დღეს მისი მთავარი მოტივაცია მისი შვილიშვილია – ადამიანი, რომელიც მუდმივად ახსენებს ირაკლის და აძლევს ძალას, რომ იცხოვროს, იბრძოლოს და აკეთოს სიკეთე.
მისი გზავნილი ახალგაზრდების მიმართ მოკლე, მაგრამ ღრმაა: "ყოველი წუთი საუკეთესოა, არ შეიძლება დროის დაკარგვა".
პანდემიის პერიოდში მარინა ენდელაძე იყო ის ადამიანი, რომლის გამოსვლას მთელი საქართველო ელოდა. მის სიტყვებში ისმოდა სიმშვიდე და იმედი, რომელიც საზოგადოებას ასე სჭირდებოდა. დღესაც, მიუხედავად ყველაფრისა, ის რჩება ექიმად, პედაგოგად და უპირველესად, დედად, რომელიც ყოველდღე აგრძელებს ბრძოლას საკუთარი შვილის ხსოვნისთვის, საკუთარი პროფესიით და ადამიანების დასახმარებლად.
მისი სამი სიტყვა ყველაზე ნათლად ასახავს მის სულიერ გზას: "მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული“ – ეს არის ის, რასაც მარინა ენდელაძე უტოვებს ყველა იმ ადამიანს, ვინც მის ისტორიას გაიგებს და დაფიქრდება, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრება, დრო და სიყვარული.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს