ელენე აბაშიძე - ქალი, რომელმაც საუკუნეს გადაუსწრო


ავტორი
Front News საქართველო
103 წლის ელენე აბაშიძე არ არის მხოლოდ გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ის არის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ არც ასაკს და არც გარემოებებს არ შესწევს ძალა, რომ შეაჩეროს ადამიანის მიზანი.
დღეს მისი სახელი გაცილებით უფრო ცნობილი და დაფასებულია უცხოეთში, ვიდრე მშობლიურ საქართველოში. აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა მას 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ ტიტული მიანიჭა, მოხვდა "მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და "მსოფლიოს 100 ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში. აშშ-მა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა. "ამერიკამ დამიფასა ის, რაც ჩემმა ქვეყანამ ვერც კი შეამჩნია“, – ამბობს გულწრფელად და წყენას არ ააშკარავებს, მხოლოდ სინანულს და მასაც სიამაყით.
ელენე აბაშიძე 1922 წელს დაიბადა. როცა მისი მამა გადაასახლეს, ოჯახი სრულიად ულუკმაპუროდ დარჩა, მაგრამ ვერც ეს გაჭირვება და ვერც წლების სიმძიმე ვერ გახდა მიზეზი, რომ ელენეს ცხოვრებაზე ხელი აეღო. პიანინოზე უკრავდა საბავშვო ბაღში, ბავშვებს ართობდა და ამ გზით აგროვებდა ფულს, რომ სწავლის გაგრძელება შეძლებოდა. უნივერსიტეტში სწავლა უკვე საკუთარი სტიქია იყო – პროფესია, რომელშიც სამუდამოდ ჩაეფლო. მის სახელზე 540 სამეცნიერო ნაშრომი და 13,200 ექსპერიმენტია. პირველი დისერტაცია 1967 წელს დაიცვა, ხოლო სადოქტორო 1998 წელს, 76 წლის ასაკში.
ელენეს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მუსიკასაც. ბავშვობაში მუსიკალური განათლების მიღება უნდოდა, თუმცა პროფესიულ გზაზე სიარულმა ეს ოცნება დაჩრდილა. დღემდე იხსენებს ამ განუხორციელებელ სურვილს, მაგრამ სიმღერა არასდროს დაუტოვებია. და სწორედ სიმღერით 2025 წლის 16 ივნისს ფილარმონიის დიდ სცენაზე წარდგა 103 წლის ასაკში, სიამაყით და ღიმილით.
ის ასწავლიდა მაშინ, როცა ჭიათურის სკოლაში არც ფანჯრები იყო და არც მინიმალური პირობები, მაგრამ იყო მიზანი, მონდომება და რწმენა, რომ შრომას ყოველთვის აქვს ფასი. და მართლაც სკოლა, სადაც პედაგოგად და სასწავლო ნაწილად მუშაობდა, რაიონში პირველ ადგილზე გავიდა.
მონაწილეობდა ხვამლის ექსპედიციაში ალიოშა ჯაფარიძესთან, ლევან გოთუასთან და აკაკი ბელიაშვილთან ერთად – იქ, სადაც გამოცდილი ალპინისტებიც კი სიფრთხილით მიდიან. არ ჰქონდა გამოცდილება, მაგრამ ჰქონდა გული და ეს გული სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მწვერვალიც დაეპყრო და ისტორიის გვერდზეც დარჩენილიყო.
ელენე აბაშიძის ბიოგრაფია მხოლოდ სიგრძით არ არის შთამბეჭდავი, ის სიღრმით არის შთაგონება. ქალი, რომელიც საუკუნეს კი არ მიჰყვა, არამედ გადაასწრო. ქალი, რომელიც ლამაზი და შინაარსიანი სულით სულაც არ ბერდება.
ელენე აბაშიძე მომავალ თაობას ურჩევს, რომ იყვნენ მომთმენები და მიზანდასახულები, რადგან სწორედ ამ თვისებებით არის შესაძლებელი ყველაფრის მიღწევა.
თაგები:
ელენე აბაშიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს