ელენე ხოშტარია - კონსოლიდაციის და დისციპლინირებული, აქტიური, ინტენსიური საერთო მუშაობის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია დღეს სიტუაციის გადატეხა

ავტორი
Front News საქართველო
"თავისუფალი არჩევნები!“ - ამან უნდა მოიცვას მთელი ქვეყანა, აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ის ადამიანები, ვინც აქციაზე აქტიურად ვერ დადიან. როდესაც ამ ეტაპს მივაღწევთ, მერე უნდა იყოს მძლავრი კულმინაცია - დიდი აქცია, რუსთაველზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და პრინციპული არ არის ის, თუ ვის ინიციატივას უერთდება ოპოზიცია, რადგან ამის დრო ახლა არ არის.
"მინდა გამოვეხმაურო "ჯერ საქართველოსა“ და ვიქტორ ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ინიციატივას. აბსოლუტურად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ მის მიერ დასმულ ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო. მისი ინიციატივა ეხება არა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგის დაწყებას, არამედ ოპოზიციის კონსოლიდაციას და აქტიურ მოქმედებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევის მიზნით, რასაც უნდა მივაღწიოთ ბიძინა ივანიშვილზე სისტემური ზეწოლის გზით.
მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ერთი მხრივ, ის პარტიები, ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თვლიან, რომ ნებისმიერ არჩევნებში შეუძლიათ შესვლა და რომლებთანაც გვაქვს განსხვავება, არსებითი განსხვავება სტრატეგიასთან დაკავშირებით, მათაც და ჩვენც შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, რადგან ერთია, რომ შენ ნებისმიერ არჩევნებში შეხვალ, თუმცა, წარმოუდგენელია თქვა, რომ თავისუფალი არჩევნები არ გინდა. შესაბამისად, ეს ამოცანა ობიექტურად გვაერთიანებს ყველას. მნიშვნელოვანი და პრინციპული არ არის ის, თუ ვის ინიციატივას ვუერთდებით. ამის დრო, მგონი, ახლა ნამდვილად არ არის.
აქვე მინდა, მოვყვე და გაგიზიაროთ, როგორ წარმომიდგენია ეს პროცესი. ეს არის არა უბრალოდ ამოცანის გარშემო პოლიტიკური კონსოლიდაცია, არამედ ეს არის ყოველდღიური, აქტიური, ძალიან ინტენსიური კამპანია, თუ რას ნიშნავს და როგორია ეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და რომ ეს არის არა პოლიტიკური ლოზუნგი, არამედ მართლა რეალური გამოსავალი კრიზისის დასაძლევად. როგორც კი ადამიანები დაიჯერებენ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ერთი მხრივ, მართლა გამოსავალია, მეორე მხრივ კი, ერთად და ბრძოლით მიღწევადი, ყველა კონცენტრირდება ამ ამოცანაზე. ჩვენი მუშაობა უნდა იყოს ისეთი თანმიმდევრული და ინტენსიური, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, პროტესტის საკუთარი ფორმით, ეს პოზიცია გააჟღეროს. მაგალითად, რომ კითხავ: „როგორ ხარ?“, გიპასუხოს „თავისუფალი არჩევნები“, რომ კითხავ, როგორი ამინდია, გიპასუხოს „თავისუფალი არჩევნები“, სადაც არ გაივლი, უნდა ხედავდე აივნიდან გადმოფენილ წარწერას: "თავისუფალი არჩევნები!“ ამან უნდა მოიცვას მთელი ქვეყანა, აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ის ადამიანები, ვინც აქციაზე აქტიურად ვერ დადიან. როდესაც ამ ეტაპს მივაღწევთ, მერე უნდა იყოს მძლავრი კულმინაცია - დიდი აქცია, რუსთაველზე.
ვფიქრობ, რომ ამ კონსოლიდაციის და დისციპლინირებული, აქტიური, ინტენსიური საერთო მუშაობის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია დღეს სიტუაციის გადატეხა. ამიტომ მხარს ვუჭერ ბატონი ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას. რა თქმა უნდა, მე მარტო არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, კოალიციასთან მაქვს საუბარი. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს სამუშაო კონსულტაციები „ჯერ საქართველოსთან“ ამ პროცესის დასახვეწად და დასაწყებად", - წერს ელენე ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია




