ემზარ ისაევი - მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია, ჩემი ბიჭი ცენტრალური გათბობის ჩართვას არც ცდილობდა

ავტორი
Frontnews საქართველო
მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია. კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. შსს-ს მინისტრი გამოვიდა და ამბობდა გამათბობელს, არ მქონია მე გამათბობელი, - ამის შესახებ ფონიჭალაში აფეთქებული სახლის მეპატრონემ და დაშავებული ილია ისაევის მამამ ემზარ ისაევმა განაცხადა.
მისი თქმით, მას სახლში ცენტრალური გათბობა ჰქონდა და აღნიშნული გადამოწმებული იყო შესაბამისი სამსახურების მიერ და დარღვევა არ გამოვლენილა.
"რა თქმა უნდა, ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულების გამო. ძალიან მტკივა გული ყველაფერზე, რაც მოხდა. ჩემი შვილი არც მკვლელია, არც ტერორისტი. სრულიად ადეკვატური ადამიანია. კი, მას ჰქონდა ტრავმა, ყველამ იცის რა ტრავმაც ჰქონდა და რა ასაკში, მაგრამ სრულიად ადეკვატური, გულკეთილი და თბილია.
რაც შეეხება ამონაწერებს, ბოლოს ერთი კვირით იყო სექტემბერში, ამის ამონაწერები შეიძლება ამოვიღოთ შუქიდან. მე ვრიცხავდი როცა ჩადიოდა ხოლმე. მანამდე უფროსი შვილი იყო ჩასული, იანვარში ვიყავით. შარშან მარტის მერე თითქმის ყოველდღე ვიყავი და ამონაწერებიც გვაქვს.
მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია. კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ჩემი ბიჭი ცენტრალური გათბობის ჩართვას არც ცდილობდა. ალბათ, გაზქურაზე საჭმლის გაკეთება უნდოდა. გაზქურა კიდევ ისეთი მაქვს, ცეცხლი თუ არ უნთია, გაზს კეტავს. არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს, იმიტომ, რომ გაზქურა მარჯვენა კუთხეში იყო, აფეთქება კი მოხდა ე.წ. ზალაში, საძინებელში, ის ჩაინგრა, სახურავმაც მანდ ამოხეთქა. რანაირად?! ეს მაინტერესებს.
შსს-ს მინისტრი გამოვიდა და ამბობდა გამათბობელს, არ მქონია მე გამათბობელი. ღიაც რომ დაეტოვებინა გაზქურა, ის კეტავს გაზს და არ უნდა ყოფილიყო გაჟონვა, მით უმეტეს, შემოწმებული იყო და თვითონ დაადასტურეს, რომ დარღვევა არ იყო. ძალიან ცუდი ლაპარაკი მიდის, რომ ჩემი ბიჭი დამნაშავეა, სინამდვილეში, ის დაზარალებულია. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ცვლილებები არ აქვს. ახალი არაფერი გვაქვს, ველოდებით სიახლეებს", - განაცხადა ემზარ ისაევმა "ფორმულასთან".
19 ნოემბერს ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლში სავარაუდო გაზის გაჟონვის შედეგად 5 სართულიან კორპუსში ნგრევა იყო, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან 2 არასრულწლოვანია.





