Logo

"ეს თავდასხმები მიუღებელია, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების მოქმედებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა, შიშის გარეშე"

პოლიტიკა
137
Frontnews image description

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, "მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე სახელმწიფოების – დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას ავრცელებს.

"მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება, შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ჟურნალისტიკის როლს და ამავე დროს ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ეს პროფესია დგას. წლევანდელი თემა – "მშვიდობიანი მომავლის ფორმირება“ განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, მაშინ, როდესაც საერთაშორისო მშვიდობა მყიფეა და დემოკრატია ზეწოლას განიცდის, ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც აგრძელებენ სიმართლის ხმამაღლა თქმას, ხშირად საკუთარი უსაფრთხოების ფასად.

თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია ფუფუნება არ არის. ის მშვიდობის, დემოკრატიისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველია. სწორედ ამისთვის შეიქმნა „მედიის თავისუფლების კოალიცია“ (Media Freedom Coalition – MFC). დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის თანათავმჯდომარეობით და ექვსი კონტინენტის 51 ქვეყნის გაერთიანებით, კოალიცია მედიის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის მუშაობს. მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, იურისტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, გაიზარდოს ანგარიშვალდებულება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და უზრუნველყოფილ იქნეს კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედება.

ეს საკითხი, დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მედიის თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხეები არ შემოიფარგლება მხოლოდ ცენზურით. ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში ინფორმაცია თავად იქცა საბრძოლო იარაღად. დეზინფორმაციული კამპანიები ხშირად მიზანმიმართულად იყენებენ ღია საზოგადოებებს, თავისუფალი მედიის ენას და იერსახეს იმ მიზნით, რომ შეიტანონ დაბნეულობა, დაპირისპირება და დაამახინჯონ დემოკრატიული დებატები. ამგვარ ქმედებებზე პასუხი არ არის თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი; ეს მისი დაცვის აუცილებელი საშუალებაა. გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტების დაცვით ჩვენ უზრუნველვყოფთ, პრესის თავისუფლებას დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მის წინააღმდეგ გამოსაყენებელ იარაღად.

მედია და ციფრული წიგნიერების გზით საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფინეთი, რომელიც 2017 წლიდან მედია წიგნიერების ინდექსში პირველ ადგილს იკავებს, ნათლად აჩვენებს, რომ მედია წიგნიერებისადმი მრავალმხრივი და განგრძობადი მიდგომა მოქალაქეებს რთულ საინფორმაციო გარემოში თავდაჯერებულად ორიენტირების საშუალებას აძლევს. დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა არ გულისხმობს აზრის კონტროლს ან კრიტიკის შეზღუდვას; ის ემსახურება საჯარო საინფორმაციო ველის მთლიანობის დაცვას. ამ განსხვავების გაუცნობიერებლობით, მიზანმიმართული სიცრუე და ფარული გავლენა შეიძლება ჟურნალისტიკის სახელით შეინიღბოს, რაც ასუსტებს მთლიანად მედიის მიმართ ნდობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ინტერესის სამსახურში მდგომ ნამდვილ ჟურნალისტიკას.

საქართველოში შემაშფოთებელ ტენდენციებს ვხედავთ. "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მონაცემებით, პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ადგილი მკვეთრად გაუარესდა. საქართველო 2022 წელს 77-ე ადგილს, ხოლო 2026 წელს 135-ე ადგილს იკავებს, რაც სერიოზული უკუსვლაა. RSF საქართველოს მედია გარემოს "რთულად“ აფასებს და მიუთითებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და კანონებზე, რომელიც ავიწროებს თავისუფალი გამოხატვის სივრცეს. დოკუმენტირებულია სულ მცირე 50 ჟურნალისტი, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაშავდნენ, სცემეს, დააკავეს ან ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ეს თავდასხმები მიუღებელია. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად გამოძიების, გაშუქებისა და ხელისუფლების მოქმედებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა, შიშის გარეშე.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში მომხსენებელი ხაზს უსვამს ძალადობის სისტემურ ხასიათს 2024–2025 წლებში თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მის ბოლო ანგარიშში, 2024–2025 წლებში გამართული პროტესტების დროს მომიტინგეებსა და ჟურნალისტების მიმართ უკანონო დაკავებებსა და გადამეტებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე საუბრობს. ასევე, ანგარიშში შევიდა ჩანაწერი კანონმდებლობაზე, რომელიც აზრის გამოხატვას, მშვიდობიან შეკრებასა და გაერთიანების უფლებებს ზღუდავს.

მზია ამაღლობელის საქმე მკაფიოდ ასახავს იმას, თუ რა დგას სასწორზე. მისი დაკავება, მოპყრობა და დაპატიმრება 2025 წლის პროტესტების შემდეგ საერთაშორისო დონეზე დაგმობილ იქნა, როგორც უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ კვლავ ვაყენებთ მისი განთავისუფლების საკითხს. მზია ამაღლობელის მსგავსი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზანი არის მთლიანად ამ პროფესიის მქონე ადამიანების დაშინების მცდელობა.

გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საყოველთაო ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-19 მუხლით არის დაცული და მოიცავს თავისუფლად ფიქრის, ლაპარაკის, მოსმენისა და წერის უფლებას. ეს თავისუფლებები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს. მათ გარეშე მოქალაქეებს არ შეუძლიათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი ხელისუფლებისგან ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ან საკუთარი ქვეყნის მომავალზე ღია და უსაფრთხო დისკუსიის წარმართვა.

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებას, დავიცვათ ყველგან ჟურნალისტების უსაფრთხოება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსაზრებას მხარს უჭერენ „მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი სახელმწიფოები: ავსტრია; ბელგია; დანია; ესტონეთი; გერმანია; ისლანდია; ირლანდია; ლატვია; ლიეტუვა; ლუქსემბურგი; ნიდერლანდები; ნორვეგია; პოლონეთი; შვედეთი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები