"ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს დიპლომატიური მისიების მუშაობაზე"

ავტორი
Front News საქართველო
12 თებერვალს პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა გიორგი ზურაბაშვილმა მიიღო. შეხვედრის მიზანი იყო გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა, - ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე.
"2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის შესახებ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. 12 თებერვალს, ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა გიორგი ზურაბაშვილმა მიიღო.
შეხვედრის მიზანი იყო გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა. პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.
ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს და პრინციპებს.
საქართველოს მხარემ, ასევე, ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ 6 თებერვალს შეთავაზებული სანქციების მე–20 პაკეტს ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი გაგრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი




