Logo

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა

მსოფლიოუკრაინა
31
Frontnews
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ახალი შეზღუდვები ფინანსურ ინსტიტუტებსა და კრიპტოპლატფორმებს შეეხება.

„დღეს ჩვენ სანქციების 22-ე პაკეტს წარვადგენთ. ჩვენი მიზანია, რუსეთზე ზეწოლა შევინარჩუნოთ, რათა მან უკრაინაში აგრესიული ომი დაასრულოს. ჩვენ გავაგრძელებთ ახალი სანქციების შეთავაზებას მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად რეალურ მზაობას არ გამოავლენს. ამ პაკეტით ზეწოლას სამი მიმართულებით ვაძლიერებთ. უფრო ძლიერ დარტყმას მივაყენებთ რუსეთის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობას, მისი ბანკებისა და კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ მიმართული ზომებით. რუსეთს კიდევ უფრო მეტად მოვაქცევთ იზოლაციაში. მას ევროპულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას შევუზღუდავთ. გავამკაცრებთ სავიზო წესებს და სანქციების აღსრულებასაც გავაძლიერებთ. ტრანზაქციების აკრძალვას დაახლოებით 60 რუსულ ბანკზე გავავრცელებთ. სამოცივე ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გაითიშება. ასევე, მკაცრ ზომებს მივიღებთ კრიპტო და საგადახდო ქსელების წინააღმდეგ. ყურადღებას გავამახვილებთ რუსეთზე, თუმცა შეზღუდვები შეეხება მესამე ქვეყნებსაც, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ეს ჩვენი ახალი პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციას ვაპირებთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს ​ ელექტროენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას.

„ჩვენ გავაფართოებთ ენერგეტიკული მომსახურების აკრძალვას, რათა ვერც ერთმა ევროპულმა კომპანიამ რუსეთს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების მშენებლობაში, ექსპლუატაციასა თუ შეკეთებაში დახმარება ვერ გაუწიოს. ამასთან, ევროპელებს რუსეთში მოქმედი კომპანიების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავებას ავუკრძალავთ.

სპორტული ღონისძიებები პროპაგანდისტული საქმიანობის პლატფორმა არ უნდა იყოს. დღეიდან ევროკავშირში გამართულ ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაზე რუსულ გუნდებსა და სპორტსმენებს რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობა აეკრძალებათ. ასევე, ვთავაზობთ ოფიციალური რუსული სიმბოლოების ჩვენების აკრძალვას. შევზღუდავთ რუსი სპონსორებისგან ევროპაში დაფუძნებული სპორტული და კულტურული ორგანიზაციებისთვის ფინანსური სახსრების გადაცემას. ამასთან, რუსებს ევროპაში დაფუძნებული სპორტული ფედერაციების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავებაც შეეზღუდებათ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები