ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია დაამტკიცა


ავტორი
Front News საქართველო
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო, რომელშიც გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციით და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონების ამოქმედებით.
“ეს მოვლენები დაგმო კონგრესის პრეზიდენტმა განცხადებებში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის და ანტი ლგბტ საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.
გარდა ამისა, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტმა 2024 წლის 2 ივლისის განცხადებაში ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გადახვევის რისკს, რომელიც გამწვავებულია თავდასხმებით, დაშინებით და განსხვავებული აზრის გამომხატველ პირებზე განხორციელებული ზეწოლით.
შედეგად, იზრდება შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაიცვას ევროპული დემოკრატიული პრინციპები და იაროს ევროპული მომავლისკენ, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებზე ხელისუფლების ყველა დონეზე.
ამ კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, მონაწილეობა მიიღოს და თანაბარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების ყველა დონეზე.
კონგრესი ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის მოქალაქეთა ხმის მატარებელი როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე და მათი უფლება, განახორციელონ თვითმმართველობა დევნისა და შურისძიების შიშის გარეშე, გარანტირებული უნდა იყოს ლიდერებისა და წარმომადგენლების პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
კონგრესი ხაზს უსვამს თავის ვალდებულებას განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, რომლის ორგანიზებას კონგრესი აპირებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
თაგები:
ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა “საზაფხულო სკოლა“ გამართა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

გივი მიქანაძე – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად ახმოვანებს იმ პოზიციებს, რაც ქვეყნისთვისაა უმნიშვნელოვანესი