Logo

გედევან ფოფხაძე - ყველას მოვუწოდებ, გავაძლიეროთ რუსთაველის პროტესტი

პოლიტიკა
216
Frontnews image description

ჩვენი პროტესტის ფორმა გადაწყვიტა ივანიშვილმა, რომ არ ყოფილიყო ეს განუკითხაობა, ძალადობა, უკანონობა, მაშინ გაგრძელდებოდა პოლიტიკური და სამართლიანი წინააღმდეგობა, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

გედევან ფოფხაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გააძლიერონ რუსთაველის გამზირი და არ შეეგუონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

"ეს პროტესტი არ უნდა შეწყდეს, არ უნდა დავიღალოთ, არანაირი უფლება არ გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ რეჟიმმა თავის სამიზნედ აირჩია. ჩვენ ვხედავთ, რეალურად რას აკეთებს რეჟიმი, როგორც ექცევა საპროტესტო ჯგუფებს, იმ ადამიანებს, ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანამ ევროპული მომავალი ან საერთოდ მომავალი დაკარგოს.

ჩვენი პროტესტის ფორმა გადაწყვიტა ივანიშვილმა, რომ არ ყოფილიყო ეს განუკითხაობა, ძალადობა, უკანონობა, რაც ქვეყანაში ხდება და რომ არ წაერთმიათ ჩვენი ქვეყნისთვის მომავალი და არ დაეგროვებინათ ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი ციხეებში, მაშინ გაგრძელდებოდა პოლიტიკური და სამართლიანი წინააღმდეგობა, რაც ცივილიზებული ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენ გვიქმნიან რუსულ დიქტატურას და ამ პირობებში პროტესტის ფორმა უნდა იყოს იმის ადეკვატური, რაც ხდება.

მე ყველას მოვუწოდებ, გავაძლიეროთ რუსთაველის პროტესტი, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური წყობა წყდება რუსთაველზე. ჩვენ იქ უნდა ვიყოთ. ვისაც 24 საათი არ შეუძლია იქ ყოფნა, რაღაც დროით მაინც უნდა იყოს და არ უნდა დავკარგოთ სამშობლო.

ამ ქვეყანას არა თუ ევროპულ, არამედ უბრალოდ, ნებისმიერ მომავალს აკარგვინებს, სახელმწიფოს სრული იზოლაციისკენ წაყვანაა მათი თვითმიზანი დღეს იმიტომ, რომ ამაში ხედავენ ისინი ძალაუფლების შენარჩუნებას, მაგრამ სწორედ ეს პროცესი გვავალდებულებს, ვიყოთ აქტიურები და ვიყოთ რაც შეიძლება პროტესტში.

იმ ქვეყანაში, სადაც არიან პოლიტიკური პატიმრები და სადაც არის არალეგიტიმური ხელისუფლება, ადამიანი არ უნდა იყოს მშვიდად და არ უნდა იყოს გულგრილი მაყურებელი ამ პროცესის, სხვა შემთხვევაში, ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდება და საზოგადოებაში ესკალაცია გაიზრდება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

Advertisement