"თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას"


ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებთ ივანიშვილს, შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევანის და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული.
"15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება. წერილი ასახავს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში არსებული მდგომარეობის - დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სტანდარტების დარღვევისა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო.
ჩვენ, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით ევროკავშირის მიერ დასმულ სამართლიან კითხვებს და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ:
• საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვეს არა ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების ძალისხმევით — ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც დემოკრატიული რეფორმების გატარებას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნებოდა;
• ყველასთვის ცხადია, რომ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელისუფლების მოქმედებები არსებითად სცდება იმ ჩარჩოებს, რაც ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების შესრულებას გულისხმობს. კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისა და ევროპული გზისთვის არსებითი საფრთხეა;
• თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ათწლეულების შრომით მიღწეული პროგრესი და რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის დასავლურ მომავალს.
მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის: ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი არ შეეგუება დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ევროპასთან გვაკავშირებს არა მხოლოდ დოკუმენტურად, არამედ არსობრივად — თავისუფლების, ღირსებისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე.
მოვუწოდებთ ივანიშვილს, შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევანისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ასოციაცია "სოციალური ქოლგა"; აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD); აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის; ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის; განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი; გორელ ფოტოგრაფთა კლუბი - გორის ხელოვნების სახლი; დემოკრატიის კვლევის ცენტრი; დემოკრატიის მცველები; ევროპულ-ქართული ინსტიტუტი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ლომეკი; მედიაომბუდსმენი; პრევენცია პროგრესისთვის; პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი; ჟურნალისტთა კავშირი "ხალხის ხმა"; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საორსა; საფარი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია; საქართველოს ევროპული ორბიტა; საქართველოს ფსიქო სოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა; საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება; ტოლერანტობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი; უფლებები საქართველო; ქალები რეგიონის განვითარებისთვის; ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"; შშმ ქალთა ალიანსი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT; DOCA დოკუმენტური კინოს ასოციაცია; ENPUD - ფენიქსი 2009; Femina; Start now; WeResearch
თაგები:
არასამთავრობო ორგანიზაციები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს