Logo

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პოლიტიკა
204
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
© President press office

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების გახსნაზე მიხეილ ყაველაშვილმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და იმ ფასეულობებზე ისაუბრა, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

მისივე განცხადებით, 1700 წლის წინ ქართველთა მიერ გაკეთებულმა არჩევანმა განსაზღვრა ქვეყნის კულტურული სახე, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ისტორიული განვითარების გზა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოს ღირებულებით გამოწვევებზე და ისაუბრა იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებსაც, მისი შეფასებით, ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარება უნდა ეფუძნებოდეს.

"ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი. ეს შვიდკომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართალის მე-19 საუკუნის ეროვნულ ტრიადასა და უწმინდესი ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროითა და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას - მათ შორის ქართული გონისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა. სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განმსაზღვრელ ფუნდამენტს. დღეს, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება. ამ იდეალებით აღზრდილი ქართველი ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი მრავალმხრივი გამოწვევების ფონზე, სწორედ ამ შვიდ მარადიულ საყრდენზე უნდა აღიმართოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო და მისი სტრატეგიული განვითარება.

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ 11-13 ოქტომბერს იმართება. ღონისძიების გახსნას მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები