გია ჯაფარიძე - ასეთი ტოტალიტარული ტიპის მმართველობას ახასიათებს ის, რომ რაღაც მომენტში დგება პარტიული წმენდის აუცილებლობა

ავტორი
Front News საქართველო
სიტყვები - კორუფციას ვებრძვით, თავისთავად ტყუილია, აბსურდია ეს "ქართული ოცნების" ხელში. კორუფციასთან ბრძოლა "ქართული ოცნებისთვის" იქნება თვითმკვლელობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პირადი საფრთხე იგრძნო და ამიტომ გადაწყვიტა, კონკრეტული მაღალი თანამდებობების მქონე პირების დასჯა.
"სიტყვები - კორუფციას ვებრძვით, თავისთავად ტყუილია, აბსურდია ეს "ქართული ოცნების" ხელში. ის მათი მოსვლის პირველივე დღიდან კორუფციით მართავს ყველაფერს. კორუფციასთან ბრძოლა "ქართული ოცნებისთვის" იქნება თვითმკვლელობა. ასეთი ტოტალიტარული ტიპის მმართველობას ახასიათებს ის, რომ რაღაც მომენტში დგება პარტიული წმენდის აუცილებლობა, სხვანაირად ასეთი ტიპის მმართველობა ვერ იარსებებს. პარტიული წმენდები გვახსოვს, როგორ ჩაატარა საბჭოთა რუსეთმა. როგორც ჩანს, ამ კორუფციით დიდი თანხები დაგროვდა კონკრეტული ადამიანების ხელში, ივანიშვილს კი ეშინია იმის, რომ სადმე არ მოიყაროს თავი დიდძალმა ფინანსებმა. როგორც ჩანს, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და მათთან დაკავშირებული ადამიანები ჩამოყალიბდა საკმაოდ დიდ ფინანსურად უზრუნველყოფილ, ძლიერ და რაოდენობრივადაც სოლიდურ ჯგუფად და ამაში დაინახა ივანიშვილმა, ალბათ, საფრთხე და გადაწყვიტა, რომ ეს ჯგუფი არის ამ ეტაპზე მოსაშორებელი, სხვა ეტაპებიც დადგება, როცა სხვა ჯგუფები იქნება მოსაშორებელი. სასაცილოა, საუბრობენ ღარიბაშვილზე და სხვებზე საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც საიდან გაჩნდნენ, ისიც კი არ ვიცით. ეს არის ის ლოგიკა, რომელიც აქვს ავტორიტარულ და ტოტალურ სახელმწიფოებს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის რეჟიმების მარცხიც არ არის ერთადერთი გზა, ან ერთადერთი მეთოდი, როცა ასეთი ტიპის მმართველობები, საბოლოო ჯამში, ინგრევა, მაგრამ ნამდვილად არის ერთ-ერთი, როცა მმართველ ელიტაში ჩნდება ნაპრალი. ასეთი ტიპის ბზარების მაგალითი იყო გახარიას წასვლა. იქნებ, დროა, გახარიამაც თქვას, ვისი გადაწყვეტილება იყო მაშინ თავდაცვის მინისტრად ღარიბაშვილის დაბრუნება?! ასეთი ბზარის მომენტები სისტემას ჰქონდა ბაჩიაშვილის საკითხზეც და კიდევ სხვებთან. ამ ყველაფერმა არ გამოიწვია ამ სისტემის ჩამოშლა, მაგრამ ღარიბაშვილი, მე მგონია, რომ სხვა წონის ფიგურაა და ამიტომაც მგონია, რომ ეს ყველაფერი არა თუ ბზარი, არამედ ნაპრალია", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
გია ჯაფარიძე




