გია ვოლსკი - ამ ალიანსში ვერანაირად ვერ მოხდება საერთო კონსენსუსის მოძებნა

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე ვერანაირად იქნებოდა ალიანსის წევრი, თუ მისი ლიდერი სააკაშვილი არ იქნებოდა. სახელი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამ ალიანსის გარკვეულ შინაარსს გამოხატავს, საფუძვლიანი რეალობაა და არ უნდათ, ამ რეალობას თვალი გაუსწორონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სააკაშვილი თავისი წარსულით ხელს უშლის კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, მათ თავიანთი გეგმა და ინტერესი განავითარონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი იყვნენ.
"ამ ალიანსში ვერანაირად ვერ მოხდება საერთო კონსენსუსის მოძებნა. ალიანსი თავიდანვე არ იყო შემდგარი, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დომინირება ამ სივრცეში, „ნაცმოძრაობის“ გარდა, არავის აწყობდა და ბელადის მიმართ ეს მორჩილება, ქედის მოხრა მთავარი შემადგენელი იყო იმ იდეისა, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა. დამთავრდა, ამ პროცესს თავიდანვე არავითარი განვითარება არც ეწერა, ისევე როგორც იმ ქარტიას, რომლის გარშემოც სალომე ზურაბიშვილის ხელით პოლიტიკური ექსტრემისტული ძალების გაერთიანებას აპირებდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება სააკაშვილთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას, ვოლსკის შეფასებით, გვარამია ცდილობს, სააკაშვილს გაემიჯნოს მისი წარსულის გამო.
"ქართულ ოცნებას“, არ შეიძლება, ამ ადამიანებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს, მით უმეტეს, მოსყიდვა-გაყიდვაზე და ფარდის მიღმა რაღაც პროცესებზე. დაბრალება არასწორია. გვარამია, ისევე როგორც ბოკერია, არის ადამიანი, რომელიც მთელი ძალით ცდილობს, სააკაშვილს გაემიჯნოს, იმ წარსულის და სისხლის გამო, რომელიც ქვეყანაში სააკაშვილმა დაღვარა და თუნდაც ოკუპაცია განაპირობა. თავად მიაჩნიათ, რომ ბევრი საპროტესტო განწყობის მქონე ადამიანი არ უერთდება პროტესტს, რომელსაც სააკაშვილის ბანერი ამშვენებს. სტრატეგიულად ასე ხედავენ. არ ვიცი, სააკაშვილს გულუბრყვილობით მოსდის თუ რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება მისი განცხადებები, ცდილობს, მათ მართლაც გაემიჯნოს და იქნებ წარმატება პოვონ. ესეც უნდა დავუშვათ, რომ პირიქით, სააკაშვილი ხელს უწყობს, მათ განავითარონ პროცესი, რომელიც სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული არ იქნება და თავისი ბნელი გეგმების დივერსიფიცირება მოახდინოს. ერთიც და მეორეც ბნელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი




