გიგა ლემონჯავა - ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში

ავტორი
Frontnews საქართველო
2024 წლის ნოემბრის შემდეგ ჩვენს საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად მძიმე პერიოდებისა, ხალხი მაინც აპროტესტებს და ცდილობს, შეცვალოს არსებული მდგომარეობა.
"2024 წლის ნოემბრის შემდეგ ჩვენს საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში. მძიმე პერიოდი იყო რამდენადაც „ქართული ოცნების" რეჟიმმა იკადრა საკუთარი მოქალაქეების წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, პატიმრობა და ყველაფერი რისი კადრებაც რეჟიმს შეეძლო.
დღეს აქ დგას ხალხი სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, რომელთა წინააღმდეგ რუსული კანონი მიიღეს. იმედოვნებდნენ, რომ მათ საქმიანობას შეაჩერებდნენ, მაგრამ ვერ შეაჩერეს და ამ ხალხმა ბრძოლა გააგრძელა.
დღეს აქ დგანან პროფესორები, მასწავლებლები, რომელთაც თავისუფალი აზრის გამო დევნიდნენ და დღესაც დევნიან, სჯიან, რომ მათი ბრძოლა შეაჩერონ, მაგრამ ვერ შეაჩერეს და ვერც შეაჩერებენ.
დღეს აქ დგანან პოლიტიკური პატიმრები, რომელთაც წლები წაართვეს. მათ ციხეები დატოვეს და დღეს აქ ჩვენთან ერთად დგანან და ჩვენთან ერთად აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის.
გაიხედეთ რეჟიმის მხარეს - მათი მინისტრთა კაბინეტის ნახევარი ციხეში ზის, დაყოფილია კრიმინალურ კლანებად და ჩაძირულია კორუფციაში. ქურდბაცაცა რეჟიმის წარმომადგენლები დანოსების დაწერასა და ჩვენებების მიცემას საკუთარი თანაგუნდელების წინააღმდეგ ერთმანეთს ასწრებენ", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა




