გიგა ლემონჯავა - ერთადერთი, რასაც ამის შეჩერება შეუძლია, არის ბევრი გაბრაზებული ხალხი

ავტორი
Frontnews საქართველო
ერთადერთი, რასაც ამის შეჩერება შეუძლია, არის ბევრი გაბრაზებული ხალხი. 25 ოქტომბერს გელოდებით ყველას, ვისაც არ გინდათ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩააბარონ რუსეთს, მოკლან დემოკრატია. ხალხო, გამოდით, გამოდით!, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მოწოდება "ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც ეხება.
"მომავალი კვირიდან - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით აპირებენ სასამართლო სხდომების დანიშვნას, რაც თითქმის 100%-იანი დასტურია იმისა, რომ მომავალი კვირის ბოლოს ეს კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდება, არ არსებობს სხვა განვითარება, ამ სარჩელს ეს სასამართლო დააკმაყოფილებს. ეს სასამართლო სხდომები ამ ვადაში დასრულდება, ტექნიკურად როდის გამოაცხადებს ამ გადაწყვეტილებას, ეგ არ ვიცი, ჩემი აზრით, იქაც პროპაგანდისტული მიზანშეწონილობით - როცა დასჭირდებათ, მაშინ გამოაცხადებენ, მაგრამ მომავალი კვირის ბოლოს ეს პროცესი დასრულდება. პროცესი რომ წარმოვიდგინოთ, განხილვაც კი არ მიმდინარეობს, მოსამართლეები არც კი ცდილობენ, შეფარონ გადაწყვეტილებები, იმდენად ჩქარობენ, რომ დაფარვისთვისაც კი არ რჩებათ დრო.
"ქართულ ოცნებას“ ამით ორი ტიპის პრობლემა ექნება, პირველი არის საერთაშორისო სანქციები პირადად ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ. პარტიების აკრძალვა არის ერთი რეგისტრით მაღალი ავტორიტარული განაცხადი და მან ეს იცის კარგად. მეორე - ეშინია იმის, რომ პარტიების მიმართ, რომლებსაც აკრძალავს, საზოგადოებაში აუცილებლად გაიზრდება სოლიდარობა. ძალიანაც სურთ, რომ გააქრონ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ორი რამ იცის, პირველი, თუ ამ ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინც დაზარალდება, არის პირადად ივანიშვილი იმიტომ, რომ ბევრი ახალი საერთაშორისო სანქცია წამოვა და მეორე, იციან, რომ ჩვენი ბრძოლა სინამდვილეში არ დგას მაგ რეგისტრაციაზე.
ერთადერთი ძალა, რამაც შეიძლება ეს ქვეყანა გადაარჩინოს, არის ქართველი ხალხი, რომელმაც უნდა გაიგოს ამ პროცესის ტრაგიზმი და გამოვიდეს ქუჩაში. უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა, ყველანაირი ფასი უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ეს პროცესი ისე არ დამთავრდეს, როგორც ეს რუსეთს უნდა. ამის პირველი შანსი არის 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე თსუ-სთან. იქ უნდა მოვიდეს ბევრი ხალხი. ერთადერთი, რასაც ამის შეჩერება შეუძლია, არის ბევრი გაბრაზებული ხალხი. ამიტომ, გაიგეთ, რომ საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების პროცესი მიჰყავთ დასასრულისკენ და ამას აფორმებინებენ საკონსტიტუციო სასამართლოს, ამიტომ, 25 ოქტომბერს გელოდებით ყველას, ვისაც არ გინდათ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩააბარონ რუსეთს, მოკლან დემოკრატია. ხალხო, გამოდით, გამოდით!", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა




