Logo

გიგი კალანდაძე - საქართველოში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრებს ინფორმაციას და გადაეცემა როსტოვს, ან პირდაპირ მოსკოვს

პოლიტიკა
94
Frontnews image description

სუსს აქვს პირადი კონტაქტები "ეფესბესთან". საქართველოში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და გადაეცემა როსტოვს, ან პირდაპირ მოსკოვს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა და ბრიგადის გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულ მიმართულებაზე ჯგუფები მუშაობენ და ინფორმაციას ცვლიან. 

"მე ერთი ვიცი, რომ სუსს აქვს პირადი კონტაქტები "ეფესბესთან". პირველად დაახლოებით ერთი წლის წინ მათ გადასცეს ყველა ჩვენი სამხედრო დაზვერვის აგენტური სიები და 10 წელი ის ადამიანები ისხდნენ ციხეში, ეს მე ერთი წლის წინ განვაცხადე და ახლა კიდევ აქვთ ძალიან მყარი ურთიერთობა სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე და აეროპორტში, რომ არ მოხდეს ე.წ. უკრაინის სამხედროების ან უკრაინის რაიმე ტვირთის გატანა საქართველოს გავლით. ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ისინი ძალიან კარგად მუშაობენ და ცვლიან ინფორმაციას. 

საქართველოში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ან სასაზღვრო ვითარებაზე და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება იყოს გარკვეული დავალებაც და ამ ინფორმაციას შემდეგ გადასცემს ძირითად მართვის ცენტრს, რომელიც შეიძლება იყოს როსტოვში, პირდაპირ მოსკოვში, ან რომელიმე მართვის ცენტრში, ეს შეიძლება იყოს "ეფესბეს" პატარა წინასწარი მართვის ცენტრი, ან მოწინავე მართვის ცენტრი. ეს ინფორმაცია კი კონკრეტული სახით იგზავნება - უფრო ინფორმაციის ციფრული გადაცემის სახით ძირითად მართვის ცენტრზე", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსეთის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ტერმინალები გამოავლინა. აღნიშნული საკომუნიკაციო ტერმინალებიდან ერთ-ერთის მდებარეობად საქართველოს ტერიტორიაა მონიშნული.

Advertisement