Logo

გიგი უგულავა - მშვიდობით, თქვენო უწმინდესობავ, თქვენზე ფიქრისას თუ საუბრისას, მე სულ თქვენი ღიმილი მემახსოვრება

Frontnews image description

დღეს საქართველო პატრიარქს ემშვიდობება. მან 50 წელი ზიდა ეს ჯვარი. მშვიდობით, თქვენო უწმინდესობავ. თქვენზე ფიქრისას თუ საუბრისას, რომელიც, ალბათ, უფრო მწვავე კამათი იქნება, მე სულ თქვენი ღიმილი მემახსოვრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.

"გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია. ბევრ ქართველს არც საკუთარი თავი და არც ქვეყანა მის გარეშე არ უნახავს, არ ახსოვს. ამ გაგებით ის არა ისტორიული, არამედ პრეისტორიული, მითოსური, ფიგურაა. მისი ამ ქვეყნიდან წასვლაც დაუსრულებელი გზის გაგრძელებას უფრო ჰგავს, მას ძალიან უყვარდა ძველი ბიზანტიური ხატის აღწერა. ერთ ერთ შეხვედრაზე, წვეულებაზე, სადაც თამადობა მომიწია, მან მეუფეების გასაგონად თქვა - გახსოვდეთ, რომ სამოთხისა და ჯოჯოხეთისკენ მიმავალ ორივე გზაზე რიგს წინ ჩვენ, სასულიერო პირები, მივუძღვით. ეს სიტყვები მან ღიმილით დაასრულა. ღიმილი კი მას ნამდვილად საოცარი ჰქონდა.

დღეს, საქართველო პატრიარქს ემშვიდობება. მან 50 წელი ზიდა ეს ჯვარი. კიდევ მრავალი წელი იქნება დავა მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, მეც მათ შორის ვიქნები ალბათ, რადგან მასთან პირადად ძალიან მწვავედ მიდავია - ბოლო თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ეხებოდა. ვერ შევთანხმდით. ნუ ღელავო, მითხრა, ჩემს შემდეგ ვინმემ კარგი საქმე ხომ უნდა გააკეთოსო და გამიღიმა. 

დღეს, როცა უწმინდესი აღარაა, ჩვენი მზერა იმ 39 მღვდელთმთავრისკენ უნდა მივმართოთ, ვინც მომავალი პატრიარქი უნდა აირჩიოს. ჩვენ რაც არ უნდა ვიდაოთ, უწმინდესის მემკვიდრეობის მთავარი ნიშანსვეტი მომავალი პატრიარქი იქნება. იქნება ის თავისუფალი რუსული გავლენისგან? იქნება ის თავისუფალი ხელისუფალთა გავლენისგან? შეძლებს ის ეკლესიის კარის გაღებას დამაშვრალთა და გლახაკთათვის? ილია მეორემ ბევრი რამ შეძლო, ბევრიც თქვენ დაგიტოვათ მოსაგვარებლად. ხართ თქვენ მზად მოიხმოთ გული გონიერი და იესოს სახელით მიიღოთ გადაწყვეტილება, რომლის შედეგები გადაწვდება ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს?! აღდგომა და ხვალეო!

მშვიდობით, თქვენო უწმინდესობავ. თქვენზე ფიქრისას თუ საუბრისას, რომელიც, ალბათ, უფრო მწვავე კამათი იქნება, მე სულ თქვენი ღიმილი მემახსოვრება", - წერს გიგი უგულავა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები