Logo

გიორგი ახობაძე - სხვა სინდისის პატიმრებს ვეტყვი, რომ ბოლომდე იბრძოლონ, იმედიანად იყვნენ, არც მე გავჩერდები

საზოგადოება
235
Frontnews image description

ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, ბრიყვული იმედები როგორ გაქვს-თქო, მაგრამ იყო რაღაც მიზეზები, რის გამოც, სიგნალი იყო გამართლების, - ამის შესახებ ექიმმა გიორგი ახობაძემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მან მხარდამჭერებს და მედიასაშუალებებს მადლობა გადაუხადა მისი გვერდზე დგომისა და პროცესების გაშუქებისთვის.

"პირველი ემოცია რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ. ყველა მედიასაშუალებას დიდი მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის.
ძალიან მიყვარხართ ყველა. ბრძოლა ბოლომდე.

ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, ბრიყვული იმედები როგორ გაქვს-თქო, მაგრამ იყო რაღაც მიზეზები, რის გამოც, სიგნალი იყო გამართლების. უფრო მეგონა, რომ სააპელაციოში შეიძლება გაგვწელვოდა რამდენიმე თვე.

სხვა სინდისის პატიმრებს ვეტყვი, რომ ბოლომდე იბრძოლონ, იმედიანად იყვნენ. არც მე გავჩერდები.  შეუძლებელია, ეს ქვეყანა გარუსდეს და რუსეთის ხელში დარჩეს.

რაც შეეხება მზია ამაღლობელს, სახე ვერ შეინარჩუნეს. უნდა ყოფნოდათ ეს თვეები, რაც ეს ადამიანი უსამართლოდ ჰყავდათ ციხეში. რანაირად შეიძლება ვერ ხვდებოდე ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომ მორალური თვალსაზრისით, 2 წელი იქნებოდა თუ 7, ერთი და იგივეა. ციხეში რომ დატოვეს, უკვე ნიშნავს, რომ სინდისი არ აქვთ.

სასამართლო არ არის ერთი მოსამართლე, სასამართლო არის ინსტიტუცია და უნდა მუშაობდეს გამართულად. სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი, მოსამართლეს მანტია აცვია და 4 მილიონი ადამიანი თავის ბედს მას ანდობს. ჩვენ გვინდა ეს სასამართლო, მოსამართლეები უნდა მიხვდნენ, რომ ამდენი ადამიანი რომ ვდგავართ ქუჩაში და მათ შორის მათ პროფესიასაც რომ ვიცავთ, ვის მხარეზე უნდა იყვნენ. მოსამართლეებს, ვისაც ღირსება შერჩენიათ, მოვუწოდებ, რომ დაფიქრდნენ, 69 წლის არის მათი ბატონი და დაფიქრდნენ, 10 წლის მერე რას შვრებიან", - განაცხადა გიორგი ახობაძემ. 

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა.

გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

Advertisement