გიორგი ბაჩიაშვილი - გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, 2 დღე თვალახვეული მატარეს, შემდეგ "აირზენას" თვითმფრინავში ჩამსვეს და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, 2 დღე თვალახვეული მატარეს, “აირზენას” თვითმფრინავში ჩამსვეს და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
"მინდა ვთქვა, რომ არანაირად არ ვარ დამნაშავე არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემ წინააღმდეგაა. დღეს მე ვარ ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და დღეს ამას მე ამას კიდევ ერთი ახალი ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.
შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლისა და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების გარეშე, შემდეგ პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს "აირზენას" ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს გართულებული და არასტანდარტული გარემოებით, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა საკუთარ თავს. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი ქმედება ჩემ წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.
საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად, ინტერპოლს არ გაუჭირდა დაედგინა, რომ ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური, შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა.
მე თქვენ გთხოვთ, ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად, მე ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას არა იმიტომ, რომ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს არის დაუშვებელი. დღეს თქვენ ასამართლებთ ივანიშვილის პირად პატიმარს. ამ საქმეებზე ადრე თუ გვიან ყველას მოეთხოვება. თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება, ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის ჩემი პროკურორის", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
26 მაისს სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს