Logo

გიორგი ბარამიძე - ეს კატასტროფაა, ანგრევენ ჯარს, უსაფრთხოებას, პოლიციას

პოლიტიკა
261
Frontnews image description

გული სისხლით მევსება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეიძლება იყო და საკუთარ ჯარს ფულს ჰპარავდე. ეს კატასტროფაა. ანგრევენ ჯარს, უსაფრთხოებას, პოლიციას, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას მართავენ კრიმინალები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკოსები არიან.

"ქვეყანაში არის ძალიან ბევრი "შავი ფული". საუბარია "ქოლცენტრების" ფულზე, რაც არის ასობით მილიონი, საუბარია რუსეთის "ფულის რეცხვაზე", რაც ასევე ასობით მილიონი და მილიარდებია, საუბარია ტრანზიტზე - ჩუმად გატარება-გამოტარების, საუბარია ქვეყნის ბიუჯეტიდან უტიფარ ქურდობაზე და ეკონომიკიდან ფულის ამოწოვაზე, დაწყებული ოქროს წარმოებით. მეორე მხრივ, შიგნით ფულს ინაწილებენ და ამის გამო ერთმანეთს ჭამენ, მათ შორის ჯანგველაძის მკვლელობაც სუფთა კრიმინალური ამბავია, ოღონდ დაკავშირებულია ამ "შავ ფულებთან". ქვეყანას მართავენ კრიმინალები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკოსები არიან და ასევე ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებიც ამბობენ, რომ ძველი ბიჭები, ქურდული გაგების არიან, მაგრამ ესენი ერთი სისტემის არიან. შიგნით იმდენი ფული დაგროვდა, რომ ახლა ვიღაცას უნდა რომ ვიღაცას უფრო მეტი "აახიოს" და ვიღაცას უნდა, რომ თუ ვინმემ საერთო ყულაბაში - ბიძინას ყულაბაში არ გადაიხადა ისე, ის მოატანინონ - ამით არის ის მკვლელობაც განპირობებული და ის საუბრებიც, რომელიც კობახიძის მიერ ჟღერდება. 

კობახიძემ აღიარა, რომ მარტო ერთ სფეროში, რასაც ჰქვია სახელმწიფო საწარმოების თემა, წელიწადში 700 მილიონი ლარის ეკონომია გავაკეთოთო. ეს ფული იფლანგებოდა, იკარგებოდა ოღონდ ეს საცერში კი არ მიდიოდა, არამედ ვიღაცის ჯიბეში.

უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, რა ხდება ენერგეტიკის სფეროში - ჰესების აღმშენებლობაშიც კი ფული გააკეთეს. გასაიდუმლოებულია ყველაფერი. რამდენ ცენტად შემოგვაქვს რუსეთიდან ელექტროენერგია, არ ვიცით, გასაიდუმლოებულია, რამდენად გაგვაქვს - არ ვიცით.  თვითონ ამ რეჟიმის პროკურატურამ თქვა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის შემაერთებელ გზაზე 700 მილიონი არის მოპარულიო. გაგვიგია ვინმეს, ვინ მოიპარა ეს ფული, ან დააბრუნეს თუ არა?!

გული სისხლით მევსება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეიძლება იყო და საკუთარ ჯარს ფულს ჰპარავდე. ეს კატასტროფაა. ანგრევენ ჯარს, უსაფრთხოებას, პოლიციას. ახლა ამას თვითონვე საუბრობენ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

Advertisement