გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

ავტორი
Frontnews საქართველო
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მოთხოვნაა, დაისაჯონ მათ შვილზე მოძალადე პირები.
გიორგი დავითაძის დედის ირმა დავითაძის განცხადებით, უნდა გადადგეს ყველა მოძალადე - პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც.
"ერთი წლის თავზე რატომ არ არის ჯერაც გამოძიებული? 10-12 მოძალადე რით ვერ დაკითხეს? ეგ საკენკი დაუყარონ თავიანთ მომხრეებს, ვისაც აბოლებენ და ატყუებენ. გადადგეს ყველა მოძალადე - პატარიძეც [სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე], ტრაპაიძეც [რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე] და მისი ჯალათებიც! ეს არის ჩემი მოთხოვნა. ეს არ არის ერთი შემთხვევა, უამრავი შემთხვევაა ციხეებში. ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი, რაზეც თქვენ სხედხართ”, - განაცხადა ირმა დავითაძემ.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ინფორმაციით, ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. მან პროტესტის ნიშნად, 4 ოქტომბერს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლის თვალწინ, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი, კლინიკაში გადაყვანაზე კი უარი განაცხადა.





