Logo

გიორგი გახარია - ჩემი ბერლინში ყოფნის მიზეზია ის სისხლის სამართლის გამოძიებები, რომელიც დაიწყო, ყველა არის 15 და უფრო მეტი წლის რისკის შემცველი

პოლიტიკა
230
Frontnews image description

ჩემი ბერლინში ყოფნის მიზეზი გახლავთ ის სისხლის სამართლის გამოძიებები, რომელიც დაიწყო საქართველოში. ყველა ეს საქმე არის 15 და უფრო მეტი წლის რისკის შემცველი, - ამის შესახებ  "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილია ადამიანი, რომლის სურვილზეც არის დამოკიდებული კონკრეტული პირის თავისუფლებაც და პატიმრობაც.

"ჩემი დღეს ბერლინში ყოფნა ყველაზე უფრო მძიმეა ჩემთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა პარტია აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალურ არჩევნებში და პოლიტიკაში. ამის მიზეზი გახლავთ ის სისხლის სამართლის გამოძიებები, რომელიც დაიწყო საქართველოში. ეს არის უკვე ორი და როგორც ჩანს, მესამესაც დაამატებენ და ყველა ეს საქმე არის 15 და უფრო მეტი წლის რისკის შემცველი, ამას თან მოჰყვება პირდაპირი მუქარები, როგორც ღიად და საჯაროდ გაცხადებული, ისე არასაჯაროდაც, რომ ამ ყველაფერს მოჰყვებოდა დაპატიმრება. რეალურად, ჩემთვის, ივანიშვილის იურისდიქციაში მოხვედრა არის არაფრით გამართლებული. არ აქვს მნიშვნელობა იმას, "ოცნების" რეჟიმი მე დამაპატიმრებს თუ  გადაადგილებას შემიზღუდავს, მთავარია, რომ მათ იურისდიქციაში ვიყო. ეს იურისდიქცია არის ერთი ადამიანის - როცა უნდა, დაგიჭერს, როცა უნდა - გაგათავისუფლებს და თუ მოუნდა, თავიდან დაგიჭერს და მერე თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობა დაგინახა, ისევ გაგათავისუფლებს. მოკლედ, აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ შენ გეზღუდება თავისუფალი პოლიტიკური საქმიანობა და სწორედ ამ მიზნით ვარ მე დღეს აქ იმიტომ, რომ აქედან პოლიტიკური საქმიანობისთვის ბევრად თავისუფალი ვარ, ვიდრე ვიყო ადგილზე იმ იურისდიქციაში, რომელშიც ყველანაირი კანონის დარღვევით ადამიანს შეუძლია, როცა უნდა მაშინ დააპატიმროს, როგორც გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაში, და როცა უნდა და რა პირობითაც დასჭირდება, გაათავისუფლოს. ამის მაგალითები სულ გვაქვს. საბოლოო ჯამში, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე აქ ვარ.

მე ერთხელ გავიწიე ივანიშვილის იურისდიქციიდან და გადავდექი და მეგონა, რომ საკმარისი იქნებოდა. ახლა კი მომიწია ქვეყნიდან გასვლა - ეს არის მარტივი ფორმულა. ამ ადამიანს უყვარს კონტროლი. რა პროცესებიც მიმდინარეობს "ოცნებაში", ეს არის ამ კონტროლის შედეგი.

პარტიულ მენეჯმენტში ჩემი ჩართულობა არის დღეში 3-5 საათი ყოველდღიურად. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდი არის შეკრული, ძლიერი და ამ გუნდმა ორი არჩევნები გამოიარა.

დღეს  ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების სისუსტისა და სისულელის  გამო, "ოცნება" ახერხებს 30-35% რეალური მხარდაჭერით აკონტროლოს ხელისუფლების 100% და ამის შესაძლებლობას აძლევენ არათანმიმდევრული, არაგონივრული, სულელური, იმპულსური ნაბიჯები ოპოზიციური პოლიტიკოსების. დღეს "ოცნებამ" მოახერხა და ოპოზიციური ველი პოლიტიკიდან განდევნა" , - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Advertisement