გიორგი კახიანი - შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა

ავტორი
Frontnews საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დღეს პარტიებს შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა მიეცემათ.
მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს და არა კონკრეტული შედეგის მიღწევის.
"მტკიცებულებების [სარჩელიდან] ამოღების შესახებ შუამდგომლობაზე უკვე მიიღო გუშინ გადაწყვეტილება სასამართლომ და უარი ითქვა. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო და თავიდან პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს და ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ მხარეები - ამ შემთხვევაში მოპასუხეები - აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახლების“ პარტიას და დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შუამდგომლობები დააყენონ.
ახლა, რეალურად, მე როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გარკვეულწილად ისეთი შთაბეჭდილებაც რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა", - აცხადებს გიორგი კახიანი.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება.
თაგები:
გიორგი კახიანი




