გიორგი ხატიაშვილი - არ ველი, რომ რუსეთს ტრამპი უკრაინაში გაამარჯვებინებს, ეს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის


ავტორი
Front News საქართველო
ბოლო პერიოდში ვაშინგტონსა და ალასკაზე გამართულმა მაღალი დონის შეხვედრებმა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შეხვდა, ხოლო შემდეგ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დეტალები გააცნო, მსოფლიო მედიისა და ექსპერტების ყურადღება მიიპყრო. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო. რამდენად რეალურია მშვიდობის დამყარება ამ ეტაპზე, როდესაც მხარეებს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ ღრმაა ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე? ამ კითხვებზე პასუხებს საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილი Front News-თან ინტერვიუში გვთავაზობს.
- როგორ აფასებთ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას, სადაც ზელენსკისთან ერთად ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა და ალასკაზე პუტინთან გამართული შეხვედრის დეტალები გააცნო? როგორია თქვენი მოლოდინი და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან?
- ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ტრამპის მიერ ნახსენები "მშვიდობის შეთანხმება“, რომლის მიხედვითაც, ცეცხლის შეწყვეტა უნდა გადავლახოთ და პირდაპირ სამშვიდობო ხელშეკრულება დავდოთ, ძალიან რთულად განსახორციელებელი ინიციატივაა. მოგეხსენებათ, კორეაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 1953 წელს შედგა, თუმცა სამშვიდობო ხელშეკრულება დღემდე არ გაფორმებულა. ამიტომ, როდესაც პუტინი ითხოვს არა მხოლოდ დონბასის „ევაკუაციას“, არამედ, როგორც ირკვევა, რუსული ენის სტატუსის საკითხსაც და დემილიტარიზაციაზეც ალბათ, უარს არ იტყვის, ასეთი საკითხები ერთ ან ორ კვირაში ვერ გადაწყდება.
- რა არის ის ძირითადი ბარიერები, რის გამოც თქვენ არ ეთანხმებით ტრამპის ამ განცხადებას? უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ვერ ხედავთ ამერიკის მხრიდან? არის თუ არა დამაჯერებელი აშშ-ის პრეზიდენტის გაკეთებული განცხადებები?
- მინიმუმ, პუტინი დონბასის „ევაკუაციას“ ითხოვს. უკვე სამი წელია, ის ვერ ლახავს იქ აღმართულ ზღუდეებს და ვერ ახერხებს ამ ტერიტორიების დაკავებას. ახლა კი ითხოვს, რომ უბრძოლველად მისცენ. ვირტუალურად ის ამბობს, რომ დათმობს ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებს, რომლებიც ასევე ბოლომდე არ აქვს დაპყრობილი. ამის სანაცვლოდ, პუტინი აცხადებს, რომ ის შესაძლოა, დათანხმდეს უსაფრთხოების რაღაც საკითხებს. ამის კონტურები კი ვაშინგტონში შეხვედრისას უნდა გამოკვეთილიყო, მაგრამ არ გამოკვეთილა. ასეთი შინაარსი გამოვიტანე მე, რომ თუ ჩააყენებენ ფრონტის ხაზზე რაღაც ევროპულ ჯარს, რომელსაც ამერიკა მხარს დაუჭერს. ახლა ეს, როგორც ვიცით, დეტალებშია.
- რამდენად თანახმაა პუტინი ევროპელი ჯარისკაცების ფრონტის ხაზზე ჩაყენებაზე? აქვს თუ არა ამაზე ამერიკას თანხმობა? ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
- დიახ, ის ამ ეტაპზე არ არის თანახმა. თუმცა, ისევ ჩნდება კითხვა, რა არის ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტია? განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში ვინ დაიცავს უკრაინას? ამერიკა-რუსეთის ომი ბირთვული ომია. ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ეს არ იქნება სახმელეთო დაცვა და ამერიკელი ჯარისკაცები კონფლიქტის ზონაში არ დადგებიან. ეს იქნება საჰაერო მხარდაჭერა. მაშინ ჩნდება კითხვა: ეს საჰაერო დახმარება როგორია, თუ პუტინი უკრაინას ისევ დაარტყამს, ამერიკელები რას იზამენ? ამერიკული თვითმფრინავები თუკი რუსეთის პოზიციებს დაბომბავენ, ეს უკვე რუსეთ-ამერიკის ომია. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ „ნატო არა და ნატოს მსგავსი რაღაც“, ეს როგორ გამოდის? ანუ, სახელს ვცვლით მხოლოდ და რუსეთს ნატოს სახელი არ მოსწონს? რუსები ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, „ნატოს არ დავარქმევთ, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთო“ - ეს ხომ ლოგიკას მოკლებულია. მთავარი არის ამერიკა, ამიტომ რთულია, რომ რაიმე შეთანხმებამდე მხარეები მივიდნენ. შესაბამისად, ომი გაგრძელდება.
- როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ის ტერიტორიებთან დაკავშირებით თანახმაა, რომ მხოლოდ პუტინთან ისაუბროს სამმხრივ ფორმატში. მედიაში გავრცელდა უკვე ინფორმაცია, რომ პუტინი ტრამპს და ზელენსკის მოსკოვში იბარებს. ზელენსკიმ უკვე განაცხადა ამაზე უარი. როგორ გაიგეთ მისი შეთავაზება და რისთვის არის მზად ზელენსკი? რა სახის დათმობებზე წასვლის შესაძლებლობა აქვს ახლა უკრაინას?
- წარმოუდგენელია, რომ ის ზღუდეები, რომლებსაც რუსეთი 3 წელი ვერ იღებს, უკრაინელებმა დატოვონ. რუსეთი კი სანაცვლოდ ხარკოვისა და სუმის რაღაც ორი პატარა ნაგლეჯის დაბრუნებას აპირებს? ეს დაპატიჟებაც – მან ტრამპი დაპატიჟა და „ბარემ ზელენსკიც გამოიყოლეო“ – ასეთი შეთავაზებაა. მეორეც, რამე იმედის დამყარება იმაზე, რომ პირად შეხვედრაზე პუტინთან რამე გადაწყდება, რთული წარმოსადგენია. სტრატეგიული მოცემულობა არ იცვლება. უკრაინა დონბასს დათმობს? რის სანაცვლოდ უნდა გააკეთოს ეს? რუსეთის პირობის, რომ „აღარ დაგესხმებით“ – ამის გამო? მე არ მჯერა ამ რეალური უსაფრთხოების გარანტიების. რამის თავი რომ ჰქონდეთ, ნატოში ხომ ისედაც მიიღებდნენ. აბა, რით განსხვავდება მაშინ უკრაინაში ნატოს წევრობა და ფრონტის ხაზზე პოლონეთის და ფინეთის ჯარის დაყენებისგან? ამერიკას არ უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ გაუგებარია, პოლონეთის ჯარი რომ დადგეს და მათზე თავდასხმა მოხდეს, პოლონეთ-რუსეთის ომი იწყება და ნატო არ ერევა? ანუ, ათასი კითხვა ჩნდება, რაზეც პასუხი არ არის. მე პირადად ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ პროცესის მიმართ, რადგან მოლაპარაკების თავშივე სტრატეგიული ჩიხია. ის კაცი, მინიმუმ, თუ დონბასი არ მისცეს, არ გაჩერდება. ათასჯერ აქვს ნათქვამი, რომ იომებს.
- მაშ, რა არის ახლა რუსეთის ინტერესი ამ მოლაპარაკებებში? დროის გაყვანა და ამით ფრონტის ხაზზე პოზიციების მოგება? ამას ამერიკელები და ტრამპი ვერ ხვდებიან? თუ ტრამპსაც იმდენად უნდა თავისი დანაპირების შესრულება, რომ ნებისმიერ ფასად სურს ამ ომის დასრულება, თუნდაც ეს უკრაინის ტერიტორიების დათმობა იყოს?
- პუტინის არმია უტევს და ის ფრონტის ხაზზე პარალელურად პოზიციებს იმყარებს. მეორეც, ამ მშვიდობიანობის „თამაშით“, რაღაც სანქციები გადაიდო და დროს იგებს ფაქტია. ზელენსკიც იძულებულია ამ თამაშს აჰყვეს, რადგან მან თებერვალში იწვნია სიმართლე. ვნახეთ ვაშინგტონში როგორ განვითარდა მოვლენები. მან რომ უთხრა ამერიკელებს, რომ პუტინი თამაშობს და დროს წელავს, შედეგიც ვიხილეთ. ამიტომ ისიც იძულებულია აჰყვეს ამ სიტუაციას და ასე დაანახოს ამერიკელებს, რომ ეს სამიტები და შეხვედრები პუტინისთვის მხოლოდ დროის მოგებაა. ზელენსკიმაც ჭკუა ისწავლა, აცდის პუტინს, რომ მოითხოვოს ეს „სიგიჟეები“, ვიდრე გამოხტეს და თქვას, რომ „გატყუებთ და მოგატყუებთ“. უახლოეს ხანში თუ ეს მოლაპარაკებები ასე ჩაიშალა, ეს იქნება კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მცდელობის ბოლო მცდელობა. ომი ისევ გაგრძელდება, სანამ ფრონტის ხაზზე რომელიმე მხარეს უფრო მეტი უპირატესობა არ ექნება.
- თუკი ტრამპის ყველა ძალისხმევა ჩავარდა და, როგორც თქვენ აღნიშნავთ, ომი ისევ გაგრძელდა, ეს ფაქტი ტრამპის იმიჯს ძალიან აზიანებს. როგორია მისი შესაძლო რეაქცია? ელით, რომ ის რუსეთზე დაანონსებულ სანქციებს რეალურად დააწესებს, თუ პირიქით, შესაძლოა, უკრაინაზე დაიწყოს ზეწოლა, თუნდაც იარაღის მიყიდვა შეწყვიტოს ევროპისთვის, ასევე სადაზვერვო ინფორმაციით მხარდაჭერა?
- ტრამპს რაც არ უნდა უყვარდეს ზელენსკი, მე არ ველი, რომ რუსეთს ტრამპი უკრაინაში გაამარჯვებინებს. ეს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის. უკრაინის რაღაც სახით დახმარებას გააგრძელებს, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ ომი გაგრძელდება. მე ამ სიტუაციის ამ ეტაპზე განმუხტვის არანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ. ალბათ, რუსეთსაც რაღაც სანქციებს დაუწესებს, მაგრამ პუტინს აქვს იმის რესურსი, რომ ომი გააგრძელოს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ხატიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს