Logo

გიორგი ხატიაშვილი - სანქციები რუსეთს ვერ გააჩერებს, პუტინი დონეცკის გარეშე ომს არ დაასრულებს

ინტერვიუ
268
Frontnews
გიორგი ხატიაშვილი - სანქციები რუსეთს ვერ გააჩერებს, პუტინი დონეცკის გარეშე ომს არ დაასრულებს

ვაშინგტონის მიერ მიღებული ახალი სასანქციო პაკეტები, ევროპაში ჰიბრიდული დაპირისპირების მზარდი რისკები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები - გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური არქიტექტურა კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშეა. შეაჩერებს თუ არა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება კრემლის ომის მანქანას, რას ემზადებიან მხარეები ფრონტის ხაზზე და რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე იურე ანექსიის კუთხით? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე Front News-ს საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილი ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ტრამპმა ხელი მოაწერა მკაცრ სანქციათა პაკეტს (ე.წ. "გრემის კანონს“), რომელსაც დიმიტრი მედვედევმა უკვე უპასუხა სამხედრო შეკავების მუქარით. რეალურად რას ნიშნავს ეს სანქციები, რამდენად შეუზღუდავს კრემლს ომის დაფინანსების წყაროებს და რა გლობალურ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება?

- დავიწყოთ იქიდან, რომ სანქციებს აქვს როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სიმბოლური დატვირთვა. ეს არის სიგნალის გაგზავნა, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლისთვის, რომ ჩვენ ვიღებთ ზომებს.

რაც შეეხება ამ კანონპროექტს, სანქციების კუთხით ტრამპს უფლებამოსილება და იურისდიქცია აქამდეც ჰქონდა. ეს კანონპროექტი რაღაცას ამკაცრებს ამ სასანქციო რეჟიმში, ეს შეიძლება, მაგრამ ძირითადად აქ არის ტარიფები და არა სასანქციო პაკეტები. რაც შეეხება ტარიფებს, მისი შემოღების უფლება ამ კანონით მაინცდამაინც არ აქვს - ვთქვათ, რუსეთის მოვაჭრე ტოპ 5 ქვეყანას ნავთობის საბაჟო გადასახადი დაუწესო, თუ ისინი რუსეთისგან ნავთობის მიღებას არ შეწყვეტენ. პირველ რიგში, ეს იქნება ჩინეთი.

რაც შეეხება ჩინეთს, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა რუსული ნავთობის შეძენაზე მუქარის ქვეშ უარს არ იტყვის. ჩინეთისთვის გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან ეს სავაჭრო ომი გადასახდელია. დღეს გეტყვიან, რომ რუსეთისგან ნავთობი არ იყიდო, ზეგ კი გეტყვიან, ცალ ფეხზე დადექი, თორემ სანქციებს დაგიწესებთო. ეს სავაჭრო ომი ჩინეთისთვის გადასახდელია - უკრაინა არ იქნება, სხვა ქვეყანა იქნება. ამიტომ მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ აქ ჩინეთმა უკან დაიხიოს.

რაც შეეხება ინდოეთს, აქაც თავმოყვარეობის საკითხია: მილიარდ-ნახევრიან ქვეყანას რომ ეტყვიან, ბენზინი არ იყიდო, თორემ ტარიფებს დაგიწესებთო. მეორეც, არის იმის ანგარიში, ამერიკასთან ტარიფები უღირს თუ იაფი ბენზინი. მესამეა, რომ რუსეთი BRICS-ის წევრი ქვეყანაა ინდოეთთან, ჩინეთთან, ბრაზილიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთად. ამიტომ ბენზინზე უარის თქმა ცოტა არარეალურია.

ამის პარალელურად, თავად ტრამპი არის კი რეალურად მზად, ეს ბერკეტები გამოიყენოს? კანადას რომ ეჩხუბება და ევროპას, ეს გავანებოთ, მაგრამ რეალურად გამოიყენებს ამ ბერკეტებს?

- მაშინ ალბათ, ჩნდება კითხვა, ბატონო გიორგი, რატომ აწერს ტრამპი ხელს ამ სანქციების პაკეტს, თუ მას რეალურად არ გამოიყენებს?

- რას კარგავს, რომ აწერს ხელს? მისი უფლებამოსილება იზრდება, მასზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა. მისთვის ამაზე ხელმოწერა არაფერ ზიანს არ მოუტანს ტრამპს, პირიქით, კარგად გაყიდის. მედვედევი გაბრაზდება და რაღაც არასერიოზულ განცხადებებს გააკეთებს - ამის ვის ეშინია, არასერიოზულია. ეს არის ტრამპისთვის წაუგებელი თამაში. რამდენად გამოიყენებს, ეს უკვე სხვა საკითხია.

რაც შეეხება ომის გაჩერებას ამ სანქციებით: რუსეთი არ არის კუბა და მას მსოფლიო ეკონომიკიდან ასე ვერ ამოჭრი. „რუსული ბენზინი არ იყიდოთ“ - კარგი, გავიგეთ, მაგრამ ჩინეთი და ინდოეთი თავის ეკონომიკას ხომ არ გააჩერებენ? სადღაც ხომ უნდა იყიდონ ეს ბენზინი? თავად ტრამპი გამოვიდა და იძახის: ზელენსკი რომ ბომბავს რუსულ ბენზინგასამართ სადგურებს, დიზელი გაძვირდა ჩვენთანო. თავად აღიარა, რომ რუსეთის მიერ ენერგორესურსების მიწოდება თუ მცირდება, მსოფლიო ბაზარზე ფასები იზრდება.

მეორე მთავარი კითხვაა: რომც გამოიყენოს ტრამპმა ეს სანქციები რეალურად, ეს რუსეთს გააჩერებს? მინიმუმ სანამ დონეცკის რაიონს რუსეთი ან „გაათავისუფლებს“, ან „დაიპყრობს“, პუტინი არ და ვერ გაჩერდება. გაჩერება მისთვის გაცილებით ძვირია, ვიდრე ომის გაგრძელება. პუტინმა ომი თუ გააჩერა, პოლიტიკურ ფასს, მისი წარმოდგენით, უფრო ძვირს გადაიხდის, ვიდრე იომოს და ამდენი ხალხი შეაკლას.

- პუტინი აცხადებს, რომ კიევს მშვიდობა არ სურს, თუმცა პარალელურად ტრამპსა და კანცლერ მერცს შორის იმართება კონსულტაციები. რეალურად არსებობს თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის პერსპექტივა, თუ მხარეები კიდევ უფრო მასშტაბური ესკალაციისთვის ემზადებიან?

- ესკალაცია და მოლაპარაკებები თეორიულად ერთმანეთს არ გამორიცხავს. ორივე მხარე „მოლაპარაკებობანას“ თამაშობს, რათა ამერიკა არ გაანაწყენონ.

პუტინის მიზანია, იომოს მანამდე, სანამ უკრაინა დონეცკიდან არ გავა. უკრაინის პასუხია, რომ ფრონტის ყველაზე გამაგრებულ ნაწილს ასე ვერ დათმობს. მეორეც - რა გარანტიაა, რომ უკრაინამ დონეცკი რომ დათმოს, დნეპროპეტროვსკი არ მოუნდეთ? თუ მართლა მშვიდობისმყოფელები ჩამოვლენ? უკრაინელებმა ამდენი წელი იომეს და ახლა 5 000 კვადრატული კილომეტრი ასე დათმონ? ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, უკრაინელებმა ზელენსკის მაიდანიც კი მოუწყონ.

სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება არ იქნება. ასეთი ომები არ არსებობს, სადაც ხალხი თავდება და ფრონტს ვერ შეინარჩუნებენ მინიმუმ თავდაცვაში, მით უმეტეს, ამხელა ქვეყნებზეა საუბარი. შესაბამისად, გაგრძელდება ეს გამოფიტვის ომი.

რახან ფრონტი ნელა მიიწევს, ორივე მხარე შეძლებისდაგვარად ესკალაციისთვის ემზადება. რუსეთი ემზადება, რომ უკრაინას გაუნადგუროს დარჩენილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და პირიქით - იმავესთვის ემზადება უკრაინაც.

- მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები ევროპის მიმართ გაძლიერდა, ფიცო კი პანევროპულ სამხედრო კონფლიქტზე საუბრობს. რამდენად მწვავეა დღეს ევროპის უსაფრთხოების კრიზისი და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ჰიბრიდული დაპირისპირება? რამდენად ელით, რომ რუსეთმა პოლონეთის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია წამოიწყოს?

- ჰიბრიდულ ომს იმიტომაც ამბობენ, რომ საკუთარ პროპაგანდაში ჩაიჭრებიან. ქვეყანა, რომელმაც დონეცკში სამი სოფელი ვერ აიღო, საუბარი იმაზე, რომ უახლოეს მომავალში პოლონეთს თავს დაესხმება, ხომ აბსურდია? ამიტომაც არის საუბარი ჰიბრიდულ საფრთხეებზე, რომ იქ რაღაც დრონების ქარხანას ააფეთქებენ, დრონები შემოფრინდებიან და იქ რაღაცას იზამენ. ასეთი საფრთხეები არსებობს.

თუმცა პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება ევროპასა და რუსეთს შორის წარმოუდგენელია რიგი მიზეზების გამო. პირველი: ეს არის ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი სამხედრო ესკალაცია, რომელიც ბირთვულ კომპონენტს შეიცავს. მეორე: რომც უნდოდეს რუსეთს, პოლონეთსა და ფინეთს რით უნდა დაესხას თავს? გავიგეთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინა რუსეთს უნდა, მაგრამ აი, პოლონეთი რად უნდა, რა უნდა უყოს? პოლონელები გაჩერდებიან, თუ 40-მილიონიან პოლონეთს გაასახლებენ პოლონეთიდან? ბალტიისპირეთი სხვა ამბავია — პატარაა და მოწყვლადი, ნატო რომ არ იყოს, რა ეშველებოდა, მაგრამ აი, პოლონეთი რად უნდა, ვინმეს შეუძლია ამიხსნას?

- რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. რა შიდაპოლიტიკურ პროცესებს ასახავს ეს არჩევნები კრემლისთვის და რამდენად იყენებს პუტინი საგარეო ფაქტორებს შიდა აუდიტორიის მობილიზებისა და ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის?

- ეს მასკარადი და ცირკი არის იმისთვის მოწყობილი, რომ — მით უმეტეს, ომში მყოფი ქვეყნისთვის — ეს არის ლეგიტიმაციის ხელახლა მიღება. შიგნით თუ გარეთ ვის სჯერა, სხვა ამბავია, მაგრამ პუტინი ამით ცდილობს აჩვენოს, რომ მისი ხალხი მის გვერდით არის და მას აქვს ლეგიტიმაცია, იბრძოლოს.

ასევე, ეს არის სტაბილურობის იმიტაცია: აი, უკრაინა ვერ ატარებს არჩევნებს, მე კი ვატარებ, ომში ყოფნის მიუხედავად. ის 4 პარტია „ედინაია როსიას“ ფილიალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფილიალია. „იაბლოკო“ არ დაუშვეს, რომელიც წინა არჩევნებში 1%-ს იღებდა. შესაბამისად, ეს არის იმის ჩვენება, რომ მას აქვს მანდატი, ეს ომი გააგრძელოს.

- ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შემდეგ პუტინმა მარატ კამბოლოვს „გამარჯვება“ მიულოცა და მოკავშირეობაზე ისაუბრა. რა პოლიტიკური გზავნილია ეს მოსკოვის მხრიდან და ხედავთ თუ არა ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ანექსიის პროცესის დაჩქარების საფრთხეს?

- პუტინს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა თუ აფხაზეთში არჩევნებში გამარჯვება ყველასთვის მიულოცია. თუმცა, დე ფაქტო ანექსირებულია ჩვენი ტერიტორიები, ხოლო დე იურე ანექსიას რაც შეეხება, ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია.

აფხაზეთი ნაკლებად, რადგან მათ ეროვნული თავმოყვარეობა გააჩნიათ, ჰგონიათ, რომ რაღაც დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ხოლო ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფოს დე იურე ანექსიის საფრთხე დგას. კრემლის ადმინისტრაციაში თუ გადაწყდა, ეს მოხდება.

ოღონდ ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ამის საფრთხე დგას, მერე გამოდის და ამბობს, საქართველოში რუსული რეჟიმიაო. ყოველგვარი სიფრთხილე რუსეთთან თუ სიმხდალე და სილჩქარეა, მაშინ რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, ეგეც მოაყოლონ. ანუ, რეალური საფრთხე თუ არსებობს და ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდეს, ამ რეალური საფრთხიდან გამომდინარე სიფრთხილე ხომ გარდაუვალი იქნება? თუ მაგას ხვდებიან, მაშინ გვითხრან, რა უნდა გააკეთონ. თავად რა ხედვა აქვთ, რა გეგმა აქვთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

- შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს ე.წ. სამხრეთ ოსეთი, არც მისი არჩევნები და არც პრეზიდენტი. როგორ უნდა იმუშაოს, რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას ამ პრობლემასთან გასამკლავებლად? ის პოლიტიკა, რასაც ატარებს, ამართლებს, თუ სხვა გზა არ არის და უბრალოდ რისკების დაზღვევა ხდება?

- სამწუხაროდ, სხვა არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია. მით უმეტეს, იქმნებოდა იმის თეორია, რომ ანექსიას არ მოახდენდა რუსეთი, რადგან დასავლეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებდა. ეს ხიდიც დამწვარია. სანქციების პაკეტის 25% მიღებულია, მაგრამ უკრაინაში ომობს. სამხრეთ ოსეთის ანექსია რუსეთისთვის რა გახდა? ამ კუთხით ეს საკითხი აღარ არსებობს.

ჩვენ გვინდა თუ არა, გარკვეულ დონეზე პუტინის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ, სამწუხაროდ, ეს პროცესი ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. საფრთხე არსებობს და ფრთხილად უნდა მივყვეთ. ხოლო ეს სიფრთხილე ლაჩრობად, პრორუსულობად და ათას სიგიჟედ კი არ უნდა გამოცხადდეს, არამედ ობიექტურ რეალობად.

მაშინ შიგნით ჩამოვყალიბდეთ: თუ ლაჩრობაა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ? თუ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამის საპასუხოდ ცხინვალის ანექსია იქნება, მაშინ რას ვაკეთებთ? თუ პირდაპირ შემოგვითვალეს სამხრეთ ოსეთის ანექსია, იგივე ოპოზიცია ხომ გამოვარდება ქუჩაში და იტყვის, რომ აი, არაფერს აკეთებს ხელისუფლება და წაგვართვეს სამხრეთ ოსეთიო? თუმცა, თუკი საქართველო და მისი ხელისუფლება კრემლის გავლენის ქვეშაა და მისი დასმული ხელისუფლება გვყავს, ვეღარ გავაგებინე, საკუთარ მარიონეტს წაართმევს სამხრეთ ოსეთს? როდესაც ხალხს აზროვნება გათიშული აქვს, ლოგიკურ პასუხებს ასეთ კითხვებს ვერ გასცემს.

ელზა პაპოშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები