გიორგი ლოლაძე - თუ რუსეთი დაარღვევს ახალ ხელშეკრულებას და დაიწყებს ახალ ომს, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება უკრაინა

ავტორი
Front News საქართველო
ეს არ არის რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები, ეს არის პროცესის სიმულაცია. თუ რუსეთი დაარღვევს ახალ ხელშეკრულებას და დაიწყებს ახალ ომს, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება უკრაინა, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის საკითხზე ამ დრომდე შეთანხმება არ არსებობს.
"ეს არ არის რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები, ეს არის პროცესის სიმულაცია იმისთვის, რომ ორივე მხარემ აჩვენოს - პროცესი რჩება, მაგრამ ორივეს უნდა, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანოს მოწინააღმდეგე მხარეს იმისთვის, რომ მშვიდობა არ შედგეს. მშვიდობა რომ არ შედგება, ამას ვხედავთ იმით, რომ, მიუხედავად დათმობებისა, მიუხედავად მათი განცხადებებისა, რომ პოზიციები დაახლოვდა, არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც პოზიციები ვერ შეჯერდა და რომელზეც, ჩემი აზრით, ვერც შეჯერდება. ეს არის, პირველ რიგში, ტერიტორიების საკითხი, რუსეთის ულტიმატუმია, რომ უკრაინა გავიდეს დონბასის იმ ნაწილიდან, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა და აქედან გასვლა კატასტროფაა, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე მოსახლეობის კუთხით.
თუ რუსეთი დაარღვევს ახალ ხელშეკრულებას და დაიწყებს ახალ ომს, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება უკრაინა და უფრო დიდი წინსვლის საშუალება ექნება რუსეთს და მეორე ეს არის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის საკითხი, რომელზეც ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს.
პუტინის რეჟიმი თხემით ტერფამდე არის ანტიამერიკული, პუტინის მთელი რეჟიმი დგას ანტიამერიკულ პროპაგანდაზე და იმ ტრავმაზე, რაც არსებობს სსრკ-ს დაშლის შემდეგ - რომ ჩვენ აღარ ვართ დიდი იმპერია და გვინდა ამის აღდგენა. ეს ომიც, რეალურად, ამ იმპერიის აღდგენის მცდელობაა და ეს არის რუსი მონარქის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანის მცდელობა, რომ ყოფილი კოლონია დაიბრუნოს და მას ტერიტორიები და ადამიანები წაართვას", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის კირილ დმიტრიევის განცხადებით, "მშვიდობისკენ მიმავალი გზა“ დონბასის რეგიონიდან უკრაინის ჯარების გაყვანა იქნება, რასაც უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა ეწინააღმდეგება.
თაგები:
გიორგი ლოლაძე




